კორონავირუსის შესახებ, დროთა განმავლობაში, სულ უფრო მეტს ვსწავლობთ. ავსტრალიელმა მკვლევრებმა, ცოტა ხნის წინ, საინტერესო მიგნება გააკეთეს. SARS-CoV-2 ვირუსი, რომელიც COVID-19-ს იწვევს, გარკვეულ გარემოში, ზედაპირებზე 28 დღე რჩება.

დაავადების პრევენციის მიზნით, აქვენტი ხშირად დახურული სივრცეების სათანადო განიავებაზე და აეროზოლურ ნაწილაკებზე (ხველებისას ან ლაპარაკისას გამოტყორცნილი ვირუსის შემცველი წვეთები) კეთდება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინფიცირების წყარო ზედაპირიც შეიძლება იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია, ეს არ ნიშნავს რომ მთელი სახლი, დაუყოვნებლივ, სპირტით უნდა მორეცხოთ. ჯერ, უშუალოდ, ექსპერიმენტი განვიხილოთ.

მკვლევრებმა SARS-CoV-2-ის შტამი სპეციალურ ხსნარში მოათავსეს, რომელიც თვისებრივად ადამიანის ნერწყვს გავს. საბოლოო ვირუსის კონცენტრაცია ამ ხსნარში 4.97 × 107/მლ იყო. მკვლევრების თქმით, ნერწყვში ვირუსის ამგვარი კონცენტრაცია საკმაოდ ვირულენტურია და ის ინფიცირებული ადამიანის ნერწყვის ანალოგიურია.

შემდეგ მეცნიერებმა ვირუსიანი ხსნარი სხვადასხვა ზედაპირზე, რკინაზე, შუშაზე, ბამბაზე, ფურცელზე და ა.შ მოათავსეს და მის გაშრომას დაელოდნენ. აღმოჩნდა, რომ ხსნარის "დაშრობის" შემდეგ, ვირუსი პრაქტიკულად ყველა ზემოხსენებულ ზედაპირზე 28 დღე რჩებოდა. გამონაკლისი ბამბა იყო, რომელზეც ინფიცირების უნარის მქონე ნაწილაკები 7 დღის შემდეგ აღარ შეინიშნებოდა.

"კონტექსტისთვის იგივე ექსპერიმენტი გრიპის ვირუსზეც ჩატარდა და ის ზედაპირზე 17 დღეს ძლებდა, რაც SARS-CoV-2-ის გამძლეობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს", — ამბობს კვლევის თანაავტორი დები იგლსი.

კვლევის ერთი მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ არ გვითქვამს: ექსპერიმენტი სრულ სიბნელეში, ანუ ულტრაიისფერი გამოსხივების არარსებობის პირობებში ჩატარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ლაბორატორიულ პირობებს მიღმა, ვირუსის გამძლეობა სხვანაირი იყოს.

მეცნიერებმა ჯერაც არ იციან, რა რაოდენობის ვირუსული ნაწილაკია საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი ინფიცირდეს. თუმცა, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მაღალი ვირულენტობის ხსნარის ზედაპირიდან გავრცელება სავსებით შესაძლებელია.

ტემპერატურის როლი ვირუსის გავრცელებაში, სავარაუდოდ, ნაკლებად ყურადსაღებია, იმიტომ, რომ პანდემია ცხელ ქვეყნებშიც დამანგრეველი აღმოჩნდა. მოსალოდნელია, რომ ინდოეთი, კორონავირუსის შემთხვევებით, აშშ-ს მალე გადაასწრებს.

მეცნიერები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ზემოხსენებული ექსპერიმენტი რეალურ ნერწყვზე არ ჩატარებულა. "ადამიანის ნერწყვი უამრავ ენზიმს შეიცავს, რომელიც ვირუსს დაშლიდა", — ამბობს კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევარი რონ ეკლსი.

"ჩემი აზრით, ინფექციური ვირუსები ზედაპირზე მხოლოდ რამდენიმე საათს გაძლებენ და არა რამდენიმე დღეს".

ზემოხსენებული კვლევა ბევრისთვის უსაფუძვლო პანიკის საბაბი გახდა. ვირუსის გადაცემის მთავარი გზა ადამიანიდან ადამიანზეა. ანუ, ვირუსი პირველ რიგში ნერწყვით ვრცელდება, რომელიც ხველებისას და ლაპარაკისას გამოიყოფა. ზედაპირიდან ვირუსის გაწმენდა 70%-იანი ალკოჰოლური ხსნარით საკმაოდ მარტივად შეიძლება.

კვლევა Virology Journal-ში გამოქვეყნდა.