ბირთვულ ენერგიას ხშირად წიაღისეულ საწვავებზე დამოკიდებულების შემცირების საუკეთესო საშუალებად მოიაზრებენ. თუმცა, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ განახლებად განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები (მეტწილად მზის და ქარის ენერგია) ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების უკეთესი საშუალებაა.

25 წლიანი ანალიზი, რომელიც 123 ქვეყანას მოიცავდა აჩვენებს, რომ ბირთვული ენერგიის გამოყენებას ნახშირბადის ატმოსფერულ კონცენტრაციაზე დიდი გავლენა არ ჰქონია. ზოგ განვითარებად სახელმწიფოში კი პირიქით, ბირთვული ენერგიის გამოყენებამ ემისიების ზრდა გამოიწვია.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბირთვული და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების ერთდროული დანერგვა არც ისე კარგად გამოდის. ორივე ტექნოლოგია ძალიან სპეციფიურ ინფრასტრუქტურას საჭიროებს.

იმის გამო, რომ ბირთვული ენერგია მაინცდამაინც ნულოვან ემისიებს არ გულისხმობს, შესაძლოა ის ქვეყნებს მაღალი ემისიების "არასწორ" გზაზე აყენებდეს მაშინ, როცა პირდაპირ განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვით, ქვეყნები ემისიების უფრო მყისიერ და მასშტაბურ შემცირებას მოახერხებენ.

აღსანიშნავია, რომ კვლევა 1999-2014 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ამის მერე ბირთვული და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიაც მნიშნველოვნად შეიცვალა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს კვლევა მხოლოდ კორელაციურია.

ბირთვული ენერგიის ემისიების შემცირების ნაკლები ეფექტიანობა ნაწილობრივ იმითაა განპირობებული, რომ ბირთვული რეაქტორების და სადგურების მუშაობა მკაცრ რეგულაციას საჭიროებს და ამასთანავე ბირთვული სადგურების "სიცოცხლის ხანგრძლივობა" შეზღუდულია.

ბირთვული ენერგიის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში საკამათოა. ბევრი მკვლევარი ამბობს, რომ წიაღისეული საწვავის ერთადერთი რეალური ალტერნატივა სწორედ ბირთვული ენერგიაა. 2018 წლის კვლევა კი აჩვენებს, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდის შეფერხებისთვის, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებთან ერთად ბირთვული სადგურებიც უნდა გამოიყენებოდეს.

დროთა განმავლობაში ბირთვული სადგურები უფრო ეფექტიან და მოქნილ ტექნოლოგიას იყენებენ, რაც მათ ეფექტიანობას და მოქნილობას მნიშვნელოვნად ზრდის.

კვლევა Nature Energy-ში გამოქვეყნდა