ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მისი შტაბის წევრს, ლევან ქართველიშვილს სცემეს. ფოტოები ქართველიშვილმა თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში წარწერით: "აი, რა მოყვება განსხვავებულ აზრს".

ამ ეტაპზე ქართველიშვილთან დაკავშირება ვერ ხერხდება. დამატებითი ინფორმაცია მას ფეისბუქზე არ გამოუქვეყნებია და კითხვებზე, რა მოხდა მხოლოდ ეს უპასუხა: "ოპოზიცია არ ევასებათ".

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქართველიშვილს თავს დაესხნენ.

"ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს მის მოქალაქეებზე, დაკავებულია ამ ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორებით", — წერს ის ფეისბუქზე.

მომხდართან დაკავშირებით On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კომენტარს ელოდება.

განახლება: როგორც ქართველიშვილმა On.ge-ს განუცხადა უცხო პირებმა მისი პარტიული მაისური შეამჩნიეს და ხელი დაარტყეს.

"დაინახეს 5-ნომრიანი მაისური რომ მეცვა და მაგათ გვერდში როგორ დადექიო, ერთმა ხელი დამარტყა, მეორემ ხელი მკრა. წავიქეცი და სახით დავეცი და სანამ ავდექი გაქცეულები იყვნენ", — განაცხადა მან.