აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა განჯა ისევ დაბომბა. Aljazeera-ს ინფორმაციით, დამომბვის შედეგად გარდაიცვალა 7 ადამიანი.

სომხური მხარე ბრალდებებს უარყოფს. როგორც რადიო თავისუფლების ადგილობრივი ბიურო წერს, თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციას არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან და პირიქით, აზერბაიჯანი ბომბავს დასახლებულ პუნქტებს.

თავის მხრივ თვითაღიარებული არცახის რესპუბლიკაც აზერბაიჯანს ადანაშაულებს. მათი განცხადებით, აზერბაიჯანი დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმას განაგრძობს.

რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე არიან შეთანხმებული. შეთახნმება ძალაში 10 ოქტომბრის, 20:00 საათიდან უნდა შესულიყო.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს.

ბოლო მონაცემებით ბრძოლები რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს, ყველაზე აქტიური მათ შორის ყარაბაღის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი, როგორც სამხედროებს, ასევე, სამოქალაქო პირებს შორის რამდენიმე ასეული ადამიანია. აღსანიშნია, რომ აზერბაიჯანი გარდაცვლილ სამხედროებზე ინფორმაციას არ ავრცელებს, მაშინ, როცა სომხური მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს ასეულობით ჯარისკაცი მოუკლა. თვითაღიარებული არცახის რესპუბლიკის (ყარაბაღი) პრეზიდენტის განცხადებით, განადგურებულია ცალკეული ქალაქებისა და სოფლების ინფრასტრუქტურა.