დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი გადაიდო, რადგან მასწავლებლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მისი თქმით, დანარჩენ ბაღებში არის მზადყოფნა სასწავლო პროცესის დასაწყებად, თუმცა ორშაბათს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე უფრო დეტალურად განიხილავენ არსებულ მდგომარეობას.

"3-4 ბაღი არის, სადაც მასწავლებელს დაუდასტურდა კორონავირუსი, შესაბამისად, ეს ბაღები, ამ ეტაპზე, არ გაიხსნება. მშობლები უკვე გაფრთხილებული არიან, იმისთვის, რომ დავიცვათ იქ მომუშავე ადამიანებისა და ბავშვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება", — განაცხადა მან.

11 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 208 გამოჯანმრთელდა. სულ კორონავირუსის 11 794 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 6 327 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 85 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 590 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 836. კოვიდ სასტუმროში 1 393 პირი მკურნალობს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: