ევან მაკგრეგორი ობი-ვან კენობის ჯედაის მოსასხამს მალე ისევ მოირგებს.

პარასკევს, 9 ოქტომბერს, BBC-ს გრემ ნორტონის შოუში Zoom-ით ჩართვისას მაკგრეგორმა განაცხადა, რომ Disney Plus-ის ჯერჯერობით უსათაურო სერიალი, რომელიც ობი-ვან კენობიზე იქნება, გადაღებებს 2021 წლის მარტში დაიწყებს.

სერიალი ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტოში დაანონსდა და გადაღებები წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა 2020 წლის იანვარში სცენარისტმა ჰოსეინ ამინიმ პროექტი დატოვა, რის გამოც სერიალზე მუშაობა გადაიდო. ამინი აპრილში ჯობი ჰაროლდმა ჩაანაცვლა, თუმცა სცენარის გადაწერისა და COVID-19-ის პანდემიის გამო სერიალის პროდიუსირება 2021 წლამდე გადაიდო. სერიალს დისნეის The Mandalorian-ის რამდენიმე სერიის რეჟისორი დებრა ჩოუ ხელმძღვანელობს.

ინტერვიუს დროს მაკგრეგორმა ვარსკვლავური ომების ორიგინალი ტრილოგიის ობი-ვანის როლის შემსრულებელზე, ალეკ გინესზეც, ისაუბრა, რომელიც 2000 წელს გარდაიცვალა.

"თავიდან, როცა ახალგაზრდა ვიყავი და პირველად შევასრულე ეს როლი, ვცდილობდი, წარმომედგინა, უფრო ახალგაზრდა ალეკ გინესი როგორ ითამაშებდა? ამისთვის მის ადრეულ ნამუშევრებს ვუყურე, რომლებიც აქამდე ნანახი არ მქონდა. ის შესანიშნავ, საუცხოო ფილმებში მონაწილეობდა და მისი შესწავლა ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო", — თქვა მაკგრეგორმა.

მაკგრეგორმა ობი-ვან კენობის როლი ვარსკვლავური ომების პრიქველ-ტრილოგიაში შეასრულა, შემდეგ კი ამ როლს ხმოვანი კამეოებით დაუბრუნდა 2015 წლის ძალის გამოღვიძებასა (The Force Awakens) და 2019 წლის სკაიუოკერის აღზევებაში (The Rise of Skywalker).

Disney Plus-ის ობი-ვანის სერიალის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მანამ შეგიძლიათ, მაკგრეგორის ინტერვიუ სრულად იხილოთ: