Reuters-ის ინოფრმაციით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა, რომელზეც სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, მხოლოდ იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ წითელი ჯვრის წარმომადგენლები გარდაცვლილებს არ გაცვლიან.

მათივე ინფორმაციით, ბაქოში გამართულ ბრიფინგზე მან პრეტენზია გამოთქვა, რომ არსებული სტატუს-კვო მთიან ანკლავში არ აკმაყოფილებს მის ქვეყანას და აზერბაიჯანი იმედოვნებს და ელოდება, რომ მეტ ტერიტორიას გააკონტროლებს.

დღეს, 11 ოქტომბერს, სომხეთი და აზერბაიჯანი 11 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს.

ბოლო მონაცემებით ბრძოლები რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა, ყველაზე აქტიური მათ შორის ყარაბაღის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილები იყო. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი, როგორც სამხედროებს, ასევე, სამოქალაქო პირებს შორის რამდენიმე ასეული ადამიანია. აღსანიშნია, რომ აზერბაიჯანი გარდაცვლილ სამხედროებზე ინფორმაციას არ ავრცელებს, მაშინ, როცა სომხური მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს ასეულობით ჯარისკაცი მოუკლა. თვითაღიარებული არცახის რესპუბლიკის (ყარაბაღი) პრეზიდენტის განცხადებით, განადგურებულია ცალკეული ქალაქებისა და სოფლების ინფრასტრუქტურა.