2020 წელს COVID-19-ის პანდემიამ მთელი მსოფლიო შეცვალა: დროებით დაიხურა კინოთეატრები, კაფე-ბარები და რესტორნები, კლუბები და სხვადასხვა თავშეყრის ადგილები. შეჩერდა და გადაიდო უამრავი მასშტაბური პროექტი, ფესტივალები და ღონისძიებები; დისტანციურად მუშაობაზე გადავიდა საგანმანათლებლო დაწესებულებები და ოფისების დიდი ნაწილი.

ასეთ პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების სტაბილურად მიღება და შესაბამისი კომპანიების შეუფერხებელი მუშაობა. პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან გაჩნდა რეკომენდაცია — "რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები" — და საზოგადოებისთვის სასმელი წყლის უწყვეტ რეჟიმში მიღება კიდევ უფრო აუცილებელი გახდა.

რამდენად არის მზად დედაქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, უპასუხოს ახალ გამოწვევებს პანდემიის პირობებში და მოსახლეობა 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოს სასმელი წყლით?

ფოტო: GWP

"კომპანიის თითოეული თანამშრომელი ვაცნობიერებთ შექმნილ ვითარებას და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვმუშაობთ დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე თანამშრომლების ნაწილი დისტანციურად ემსახურება მომხმარებლებს, საავარიო და ტექნიკური ბრიგადები კი ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით 24-საათიან რეჟიმში ადგილზე მუშაობენ. ისინი მუდმივად არიან მზად, დროულად აღმოფხვრან წყალმომარაგებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემური საკითხი", — აცხადებს ჯივიპის ტექნიკური დირექტორი ზურაბ ალფაიძე.

ალფაიძის თქმით, მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ჯივიპის სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობა 2020 წელს არ შეუწყვეტია — პირიქით, ამ პერიოდში წყალმომარაგების ქსელის განახლებისთვის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელეს, რადგან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი არის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანია, რომლის ყოველდღიური საქმიანობაც პირდაპირ უკავშირდება მოსახლეობის კეთილდღეობას.

"იმისათვის, რომ 2020 წელს ჩვენი აბონენტები მუდმივად უზრუნველვყოთ სტაბილური წყალმომარაგებით, ვაგრძელებთ ახალ სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას თბილისის სხვადასხვა რაიონში", — დაამატა ალფაიძემ.

ფოტო: GWP

ფოტო: GWP

ამჟამად GWP დედაქალაქის მასშტაბით 21 მილიონი ლარის ინვესტიციით ახალ სარეაბილიტაციო პროექტებს ახორციელებს, რომლის შედეგადაც 2020 წლის ბოლომდე კომპანია 50 კმ სიგრძის ქსელს განაახლებს და წყალმომარაგება 70 000 ოჯახს გაუუმჯობესდება.

ჭავჭავაძის გამზირისა და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების მასშტაბური რეაბილიტაციის შემდეგ წყალმომარაგების ქსელი შეიცვალა კიდევ 28 ქუჩაზე, მათ შორის: წინამძღვრიშვილის, არჩილ მეფის, ჭილაიას, ძოწის, ჭოველიძის და სტურუას ქუჩებზე.

"ამჟამად წყალმომარაგების სისტემის განახლებისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ჟვანია-შატბერაშვილის, ბაღნარის, მანაგაძის და ჩარგლის ქუჩებზე, ასევე ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონსა და სოფელ დიღომში — ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ მოსახლეობას მუდმივად მიეწოდებოდეს, სუფთა, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის სასმელი წყალი", — ამბობს ალფაიძე.

კომპანიის გეგმით, სარეაბილიტაციო პროექტებმა და ქსელების განახლებამ საბოლოოდ მთელი დედაქალაქი უნდა მოიცვას.

ეს ყველაფერი იმისათვის, რომ მოსახლეობას მუდმივად მიეწოდებოდეს, სუფთა, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის სასმელი წყალი

ზურაბ ალფაიძე