საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონში ყარაბაღში ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა საკუთარ twitter-ზე დაწერა.

"მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას და მოვუწოდებ მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ. ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ერთადერთი მისაღები მომავალია ჩვენი რეგიონისთვის", — წერს ზურაბიშვილი.

დღეს, 11 სექტემბერს სომხეთი და აზერბაიჯანი 11 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს.

ბოლო მონაცემებით ბრძოლები რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა, ყველაზე აქტიური მათ შორის ყარაბაღის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილები იყო. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი, როგორც სამხედროებს, ასევე, სამოქალაქო პირებს შორის რამდენიმე ასეული ადამიანია. აღსანიშნია, რომ აზერბაიჯანი გარდაცვლილ სამხედროებზე ინფორმაციას არ ავრცელებს, მაშინ, როცა სომხური მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს ასეულობით ჯარისკაცი მოუკლა. თვითაღიარებული არცახის რესპუბლიკის (ყარაბაღი) პრეზიდენტის განცხადებით, განადგურებულია ცალკეული ქალაქებისა და სოფლების ინფრასტრუქტურა.