პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში რუსულ კვალს ვერ ხედავს. მისი მტკიცებით, არ აქვს არგუმენტები იმის დასამკტიცებლად, რომ რუსეთი ამით დაინტერესებულია.

ინაშვილის აზრით, საუბარი რუსეთის ჩართულობაზე ნიშნავს იმას, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ გადმოგვცა რუკა, რომლითაც საქართველოს "სამართლებრივად შეუძლია იდავოს" ტერიტორიაზე. წამყვანის განმარტების შემდეგ, რომ რუსეთის ინტერესია ყარაბაღში მიმდინარე ომის პარალელურად დაიძაბოს ურთიერთობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ინაშვილი ამბობს:

"ვერ მოგყვებით ამ ლოგიკაში ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ ადეკვატურობა კი არ უნდა დავკარგოთ. საქართველოში რაც არ უნდა მოხდეს, წარმატება იქნება, წარუმატებლობა, მარცხი თუ გამარჯვება, ყველაფერში რუსულ კვალს ეძებენ. ეს მივიდა ძალიან ავადმყოფურ ფორმებამდე".

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმე

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყანისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

გაიგეთ მეტი რუკებზე:

საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.

7 ოქტომბერს კომისის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასათავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.

მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.

გაიგეთ მეტი: