დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 8 ოქტომბერს დინამო არენასთან კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები დაირღვა. გუშინ დინამოსთან გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილი და ეკრანზე ადევნებდნენ თვალს მატჩს, რადგან მოედანზე შესვლა აკრძალული იყო.

"კი, ბატონო, დაირღვა, სასურველი იყო არ დარღვეულიყო, მაგრამ დაირღვა. მაგრამ ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და ასეთი დიდი გამარჯვება იზეიმეს ჩვენებმა. დავაკვირდეთ ახლა, ვთხოვ ვინც იქ იყო, აწარმოონ თვითმონიტორინგი, თუ ვინმეს დაეწყო სიმპტომები — ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება — მიმართონ შესაბამის ცხელების ცენტრს, ან 112-ში", — განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, ქართული სპორტის წარმატება სასიხარულოა, მაგრამ დიდი თავყრილობების დროს აუცილებელია პირბადის ტარება.

"ასე მაინც დავიცვათ ერთმანეთი. ესეც თანადგომის ერთ-ერთი სახეობაა მემგონი და თანადგომა არამარტოდ სპროტსა და ფეხბურთში, არამედ ჯანრმთელობაშიც საჭიროა დღეს", — განაცხადა მან.

ვინაიდან დიდი თავყრილობებისა და სხვადასხვა ღონისძებების ჩატარება აკრძალულია, საარჩევნო აგიტაცია კი დაშვებული, გირჩმა ფეხბურთის მატჩის საყურებლად "ამომრჩეველთან შეხვედრა" დაგეგმა. ასეულობით ადამიანი დინამოს წინ ეკრანთან უყურებდა საქართველო-ბელარუსის მატჩს, რომელიც ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.