ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საწინააღმდეგო გამოსვლები გრძელდება. TUT.BY-ს ცნობით, დღეს, 9 სექტემბერს სტუდენტების აქცია გაიმართა. ასევე, საწარმოს მუშებმა მიმართვა გაავრცელეს.

"გვინდა, თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ", — განაცხადეს მინსკის ელექტროტექნიკური ქარხანის თანამშრომლებმა თავიანთ ვიდეომიმართვაში.

ბელარუსში საპროტესტო აქციების პარალელურად ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები კვლავ გრძელდება. აქციებზე აკავებენ ათეულობით ადამიანს, ოპოზიციის წევრებს კი დაკითხვებზე იბარებენ.

მოქალაქეები ალექსანდრ ლუკაშენკოს კვლავ გაპრეზიდენტებას აპროტესტებენ და არჩევნების თავიდან ჩატარებას მოითხოვენ. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ იძულებული იყო, ქვეყანა დაეტოვებინა. მისი ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

ევროპარლამენტმა ბელარუსში აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და არ აღიარა. ევროპარლამენტის თქმით, ლუკაშენკოს 5 ნოემბრიდან, როცა მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, პრეზიდენტად აღარ აღიარებენ. ასევე, ევროკავშირს მოუწოდეს, რომ ლუკაშენკოს ეკონომიკური სანქციები დაეკისროს.