20 ოქტომბრისთვის ნასას ზონდი OSIRIS-REx-ს ასტეროიდ ბენუზე დაეშვება. მისიის ფარგლებში ზონდი ასტეროიდზე ნიმუშებს შეაგროვებს და მათ დედამიწაზე გამოკვლევებისთვის დააბრუნებს. ეს ნიმუშები არამხოლოდ ასტეროიდების, არამედ მზის სისტემის ადრეული პერიოდის შესწავლაში დაგვეხმარება.

ზონდი ბენუს ორბიტაზე 2018 წლის დეკემბერში გაეშვა და მას შემდეგ იგი ასტეროიდს ინსტრუმენტების მეშვეობით ორბიტიდან იკვლევდა. ახლახან კი რამდენიმე კვლევა გამოქვეყნდა, სადაც ბენუს ფიზიკური მახასიათებლებია აღწერილი.

"ზონდი ასტეროიდს დაახლოებით ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდა. ბენუ გამაოგნებლად პატარა ასტეროიდია და ამავდროულად, უამრავი სიურპრიზითაა სავსე", — განაცხადა ჩრდილოეთ არიზონას უნივერსიტეტის ასტრონომმა ჯოშუა ემერმა.

ბენუ არამკვრივი და პატარა ასტეროიდია, რომელიც დიდი ალბათობით უფრო დიდი ობიექტის დანაწევრების დროს წარმოიქმნა. ბენუს დაუმუშავებელი ალმასის ფორმა აქვს, ეკვატორთან შესამჩნევი შვერილებით.

ჩვენ უკვე გვაქვს ასტეროიდის 3D ციფრული რუკა, რომლის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ სხვა, უფრო შეუმჩნეველი შვერილები პოლუსიდან პოლუსამდეა გადაჭიმული. მიუხედავად იმისა, რომ ასტეროიდი ქვის ნატეხებისგანაა წარმოქმნილი, მას შეკავშირების უნარი აქვს.

წინა წლებში ბენუზე სხვა საინტერესო ფაქტებიც გავიგეთ: გასულ წელს ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ იგი ზედაპირიდან მატერიას გარეთ გაიტყორცნის, აქედან ზოგი უკან ეცემა, ზოგი კი ორბიტაზე სტაბილურობას ინარჩუნებს. შემდეგ კი მკვლევრებმა ნახშირბადოვანი ნივთიერება იპოვეს, რაც მიგვანიშნებს, რომ ბენუზე ოდესღაც წყალი არსებობდა.

ასტრონომებმა დაადასტურეს, რომ ბენუზე ნახშირბადის შემცველი და ორგანული ნივთიერებები არსებობს. ეს ნიშნავს, რომ, შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლისთვის საჭირო სხვადასხვა ინგრედიენტი ასტეროიდებს მოეტანათ.

კვლევის მიხედვით, ნახშირბადის შემცველი ნივთიერებები ასტეროიდზე არსებული ლოდების არხებში გვხვდება. მკვლევართა გუნდის აზრით, ეს ძალიან ჰგავს იმ მეტეორიტებზე ნაპოვნ ნახშირბადს, რომელიც წყალთან ურთეირთობის დროს წარმოიქმნა.

ზოგიერთი არხი ერთი მეტრის სიგრძისა და რამდენიმე სანტიმეტრი სისქისაც კი არის, ეს კი ასტრონომების აზრით, იმის ნიშანია, რომ ოდესღაც მათში წყალი მოძრაობდა.

ანალიზის მეშვეობით ისიც გაირკვა, რომ ბენუს ზედაპირი მძიმე პირობების მიმართ ძალიან გამძლეა. კოსმოსური დასხივება და მზიური ქარი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

კიდვე ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ტემპერატურის ცვლილებებს უკავშირდება. მკვლევრებმა ბენუს ლოდები ორ კატეგორიად დაყვეს: ძლიერი, ნაკლებად ფოროვანი და სუსტი, ბევრად ფოროვანი. უფრო ძლიერ ლოდებს ნახშირბადის არხები აქვს, რაც ნიშნავს, რომ წყალთან ურთიერთობამ უფრო გამძლე ქვები წარმოქმნა.

სუსტი ლოდები არანაკლებ საინტერესოა: ეს ლოდები დედამიწის ატმოსფეროში ვერ გადარჩებოდა, რადგან ძალიან გაცხელდებოდა და საბოლოოდ აფეთქდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ისეთი კოსმოსური ქვის შესწავლის შესაძლებლობა გვაქვს, რომელსაც დედამიწაზე ფიზიკურად ვერ დავაკვირდებოდით.

დროთა განმავლობაში ასტეროიდის ბრუნვა ჩქარდება, შესაბამისად, მომავალში ბენუ შუაზე გაიხლიჩება. თუმცა ამ მოვლენამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. მოპოვებული მონაცემების გაანალიზებით, მკვლევრებმა იმ საკითხების გამოყოფა შეძლეს, რომლებსაც ნიმუშების დაბრუნების შემდეგ უფრო დეტალურად შეისწავლიან.

ბენუს შესახებ 6 კვლევა ორ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა: Science-სა და Science advances-ში, რომლებიც შეგიძლიათ აქ იხილოთ.