სომხეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში შეხვედრას დათანხმდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა FRANCE24-ზე გავრცელდა.

მედიის ცნობით, დაპირისპირებული მხარეები პუტინმა მიიწვია, რათა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოსკოვისგან კონსულტაციები მიიღონ.

"ბაქომ და ერევანმა დაგვიდასტურა თავიანთი მონაწილეობა იმ კონსულტაციებში, რომელიც მოსკოვში გაიმართება", — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, მარია ზახაროვამ.

მედიის ცნობით, ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ ამ საკონსულტაციო შეხვედრებისთვის მზადება უკვე დაწყებულია.

აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დაპირსპირებული მხარეები მოლაპარაკებებისთვის საქართველოში მოიწვია. პრემიერმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბღში ვითარების შემდგომი ესკალაცია ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

"ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში", — განაცხადა გახარიამ.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს.

ბოლო მონაცემებით ბრძოლები რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს, ყველაზე აქტიური მათ შორის ყარაბაღის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებია. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი, როგორც სამხედროებს, ასევე, სამოქალაქო პირებს შორის რამდენიმე ასეული ადამიანია. აღსანიშნია, რომ აზერბაიჯანი გარდაცვლილ სამხედროებზე ინფორმაციას არ ავრცელებს, მაშინ, როცა სომხური მხარე აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს ასეულობით ჯარისკაცი მოუკლა. თვითაღიარებული არცახის რესპუბლიკის (ყარაბაღი) პრეზიდენტის განცხადებით, განადგურებულია ცალკეული ქალაქებისა და სოფლების ინფრასტრუქტურა.