აჭარის მთვარობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ აჭარაში დასტაბილურებული ეპიდვითარება საშუალებას იძლევა, დღის წესრიგში რეგიონში არსებული შეზღუდვების მოხსნა დადგეს.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ასევე, დღის წესრიგში დგას სკოლებისა და ბაღების ეტაპობრივი დაბრუნების საკითხიც შემდეგ კვირაში ინფორმაცია დეტალურად, თარიღებით გახდება ცნობილი.

"პირველი, რაც აღდგება, იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს საკითხი აქტიურად განიხილება. შემდეგ კვირაში გაგაცნობთ დეტალურ გეგმას. ჩვენ მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა, რაც ითვალისწინებდა მობილობის შემცირებას, განსაკუთრებით ბათუმში, გამოიღო შედეგი და სტაბილიზაცია, რომელიც მართვის ნაწილში გვაქვს, ამის დამსახურებაა", — განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, გაგრძელდება მიზნობრივი ტესტირება და 24 საათიან რეჟიმში შესაძლებელი იქნება როგორც ტესტის აღება, ისე პასუხის მიწოდება.