დეკანოზი საბა ჭიკაიძის განცხადებით, იმისთვის, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ორიგინალი რუკა მოეძიებინათ, მამა კირიონმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომელიც შემდეგ ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, ივანიშვილი ამ თემით დაინტერესდა და დავით ხიდაშელს აცნობა. ამ უკანასკნელმა კი, "თავისი კავშირებით" ორიგინალი რუკა მოიძია.

"როდესაც დაინახეს მამა კირიონმა და ამ ადამიანმა, რომელიც გულანთებული იყო ამ საკითხით, რომ არ აღმოჩნდა საკმარისი 1938 წლის რუკა იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად იქ გადიოდა საზღვარი, რაც ჩვენს რუკაზეა მითითებული, ამის შემდეგ გახდა აუცილებლობა უკვე მოძიებისა ორიგინალი რუკის. შემდეგ უკვე, მამა კირიონი სთხოვს ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს უკვე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც, ასევე, ძალიან დაინტერესდება ამ თემით და უკავშირდება ხსენებულ პიროვნებას, დავით ხიდაშელს. ეს ადამიანი არ ვიცი, როგორ, რანაირად, თავისი კავშირებით მოიძიებს ამ რუკის ორიგინალს, რომელიც არის უკვე ნამდვილად ორიგინალი და ნამდვილად ორმხრივად ხელმოწერილია", — აღნიშნა დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა.

დღეს აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 ოქტომბერს დაიწყო.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების საქმეს ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყანისთვის 3 500-მდე ჰა ფართობის მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

ამავე თემაზე: