აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წარმოდგენილი დოკუმენტები შედგენილია და აწყობილია "აბსოლუტურად დილეტანტური მიდგომაზე".

მისი თქმით, არა აქვს მნიშვნელობა სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი ამ ბრალდებით ვერ იცხოვრებს.

"ერთი კი რაღაც მინდა გითხრათ, არსად გაქცევას არ ვაპირებ, არც მიმალვას, ვერც გაქცეული, ვერც აქ მყოფი, ამისთანა ბრალდებით მე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია",— განაცხადა მელაშვილმა სასამართლო დარბაზში.

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 7 ოქტომბერს დაიწყო.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ.

მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორია.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების საქმეს ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელ ქვეყანას 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

საქმის აღძვრის შემდეგ საგამოძიებო ორგანოებმა მელაშვილისა და ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.