"ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ". ბავშვობაში ვგრძნობთ, რომ ჩვენი მშობლები სუპერგმირები არიან — გვასწავლიან გამართულად საუბარს, კოვზით ჭამას, თასმის შეკვრას და პასუხობენ ჩვენს უამრავ შეკითხვას — ისეთებსაც, რომელზე პასუხი სამყაროში არავის აქვს. ამგვარად, დამოკიდებულებები, რომლებსაც მშობლები ერთმანეთის თუ ჩვენ მიმართ იჩენენ და გარემო, სადაც ვიზრდებით, ჩვენს მომავალზე დიდ გავლენას ახდენს. ამ გარემოს ნაწილია ბავშვის აღზრდაში თანაბარი ჩართულობა და საოჯახო საქმეების განაწილებაც, რაც ჩვენს ხასიათსა და ღირებულებებს განსაზღვრავს.

არაერთხელ გვსმენია დადებით კონტექსტში ფრაზა "კარგი მამაა, ბავშვის გაზრდაში ეხმარება მეუღლეს" და ცოტა თუ ფიქრობს, რატომაა სიტყვა "დახმარება" უადგილო. ასეა, ტრადიციულ გენდერულ როლებთან დაკავშირებული სტერეოტიპები თანდათანობით მასშტაბურ პრობლემად იქცა — დამკვიდრებული კლიშეები მამაკაცებს ხშირად უშლით ხელს თანაბრად გაინაწილონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ.

სწორედ ამ საკითხს ეხება კამპანია "კაცები ზრუნავენ", რომლის ფარგლებში საბავშვო წიგნი, ლუნა და ციცინათელების პლანეტა, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, გამომცემლობა პალიტრა L-მა გამოსცა.

წიგნის იდეაზე, მასზე მუშაობის პროცესსა და მნიშვნელობაზე ჩვენ წიგნის ავტორს, დავით გორგილაძეს, ილუსტრატორს, თათია ნადარეიშვილსა და პალიტრა L-ის მთავარ რედაქტორს, მაია ალუდაურს ვესაუბრეთ.

ავტორი წიგნის შესახებ

ფოტო: გაგა კაპანაძე / კაცები ზრუნავენ

წიგნი ლუნა და ციცინათელების პლანეტა ერთი ჩვეულებრივი ოჯახის თავგდასავლებზე მოგვითხრობს, ოჯახში, რომლის გარშემოც ჯადოსნური ამბები ხდება, დედა და მამა შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს თანაბრად ინაწილებენ. უახლოეს ადამიანებზე ყოველდღიური ზრუნვა და საერთო გამოწვევების გააზრება ამ ოჯახის ბედნიერებისა და ჰარმონიის საფუძველია. წიგნის ავტორის, დავით გორგილაძის თქმით, ოჯახში თანაბარი ჩართულობა ბუნებრივ მდგომარეობად უნდა იქცეს, რადგან არ არსებობს მხოლოდ ქალის ან კაცის საქმე.

"რეალურად, არ არსებობს ქალის და კაცის საქმე და მამის ჩართულობა არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვზე ზრუნვაში, იქნება ეს საფენის გამოცვლა, ბავშვის გამოკვება თუ დაძინება. ეს პროცესი ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელია. რაც მთავარია, საქმეების თანაბარი გადანაწილება ხელოვნური, ძალადობრივი პროცესი არ უნდა იყოს", — აღნიშნავს ის.

დავითს საბავშვო ლიტერატურასთან პირველად ჰქონდა შეხება და თვლის, რომ საკმაოდ შრომატევადი საქმეა — ნაწარმოებს კონკრეტული სათქმელი ჰქონდა, რომელიც მკითხველამდე უნდა მიეტანა.

"ჩემი პირველი შეხება იყო საბავშვო ლიტერატურასთან და საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ილუსტრირებული საბავშვო წიგნის იდეა კამპანიას "კაცები ზრუნავენ" ეკუთვნის და კონკრეტულ მიზნებს უკავშირდება. ამის გამო მუშაობის პროცესი ბევრად რთული აღმოჩნდა, ტექსტში აუცილებლად უნდა გაჟღერებულიყო მთავარი სათქმელი — ოჯახში ჰარმონიის მისაღწევად თანაბარი თანამონაწილეობა, საქმეების გადანაწილებაა აუცილებელი", — გვიყვება დავითი.

მისი თქმით, ეს წიგნი წიგნი მშობლების და შვილების ერთობლივი საკითხავია. "მიზანი არის ის, რომ მამებმა და დედებმა შვილებს წაუკითხონ და შვილების მიერ დასმული კითხვებისთვისაც მზად იყვნენ", — აღნიშნავს ავტორი.

დავით გორგილაძე კამპანიის "კაცები ზრუნავენ" სხვადასხვა წამოწყებაში აქამდეც აქტიურად მონაწილეობდა. მამობის გამოცდილებამ კი მეტი თავდაჯერება მისცა, კამპანიის იდეები გააჟღეროს.

"დიდი ხანია, ამ კამპანიაში ვარ ჩართული. აქამდე დისტანციიდან ვსაუბრობდი კამპანიის მიზნებზე, ახლა მამობა საკუთარ თავზე გამოვცადე და მეტი თავდაჯერებით შემიძლია ვისაუბრო. ავტორს ბოლომდე უნდა სჯეროდეს იმის, რაზეც წერს. ჩემი, ისევე, როგორც კამპანიის მხარდამჭერი სხვა კაცების მიზანი მამების ჩართულობის ზრდაა. თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ეს აბსოლუტურად გულწრფელი პროცესია, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ", — ამბობს დავით გორგილაძე.

ილუსტრაციები თანასწორობის იდეის გამოსახატად

ფოტო: გაგა კაპანაძე / კაცები ზრუნავენ

წიგნის ილუსტრაციებზე თათია ნადარეიშვილმა იმუშავა. მას კამპანიასთან "კაცები ზრუნავენ" სხვადასხვა პროექტებზე მუშაობის გამოცდილება უკვე ჰქონდა და აღნიშნულ წამოწყებასაც სიამოვნებით შეუერთდა.

"წიგნი გაეროს მოსახლეობის ფონდის და "კაცები ზრუნავენ" კამპანიის ფარგლებში გამოიცემა. ჩვენ აქამდეც ვთანამშრომლობდით სხვადასხვა პროექტზე. როცა ეს იდეა გაუჩნდათ, ილუსტრაციებსა და დიზაინზე ზრუნვა შემომთავაზეს, რაზეც, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი", — ამბობს თათია.

წიგნის ილუსტრაციებზე კომპანია "კაცები ზრუნავესთან" მან პირველად ითანამშრომლა და თვლის, რომ აღნიშნული წამოწყება ყველაზე მნიშვნელოვან იდეას ემსახურება, რაზეც აქამდე უმუშავია.

"პირველად ვიმუშავე კომპანიასთან ერთობლივ წიგნზე და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია იდეიდან გამომდინარე. გამოსახულება დიდი გავლენას ახდენს ბავშვის ჩამოყალიბებაზე და მინდოდა მესიჯები, მაგალითად ბავშვზე თანაბარი ზრუნვის პასუხისმგებლობა, ვიზუალურადაც გასაგები ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, ილუსტრაციები მაქსიმალურად ახლოს არის ტექსტთან", — აღნიშნავს თათია.

თათიას თქმით, ილუსტრაციებზე მუშაობისას მთავარი შთაგონების წყარო სწორედ შინაარსი იყო. "ტექსტი დადებითი ემოციებითაა გაჯერებული, სიკეთის და სიყვარულის იდეებით არის სავსე. პირველად რომ გავეცანი, დიდი დრო არ დამჭირვებია მოსაფიქრებლად, როგორი იქნებოდა ილუსტრაციები. წიგნის დანიშნულებაც ეს არის — ღირებულებები, რომლებიც ბავშვისთვის ბუნებრივი უნდა იყოს, საბავშვო ნაწარმოების სახით გადმოიცეს. ვიზუალიც ამ იდეას შეესაბამება", — ამბობს ის.

ფოტო: გაგა კაპანაძე / კაცები ზრუნავენ

თათია აღნიშნავს, რომ საბავშვო წიგნების კითხვისას განსაკუთრებით იგრძნობა მშობლის ზრუნვა. ამგვარი წიგნები კი მშობლებისა და შვილების დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. "თანამედროვე სამყაროში ბევრად თანასწორი მდგომარეობა გვაქვს და ბავშვი სწორედ ამას უნდა გრძნობდეს. ეს მის სრულფასოვან განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს", — დასძენს ის.

წიგნის ავტორი კი ილუსტრაციებს ძალიან კარგად შესრულებულს უწოდებს. დავით გორგილაძის თქმით, იშვიათად ჰქონია გამოცდილება, რომ ვინმეს მისი ნაფიქრი ვიზუალურად ზუსტად გადმოეცა.

პალიტრა L — წიგნის გამომცემელი და პროექტის მხარდამჭერი

პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური აღნიშნავს, რომ კამპანია "კაცები ზრუნავენ" ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მას მომავალშიც აქტიურად დაუჭერენ მხარს.

"კამპანია — კაცები ზრუნავენ არის ძალიან მიმზიდველი შინაარსის, რადგან განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მამების როლზე შვილების აღზრდაში. ის ანგრევს სტერეოტიპებს, რომლის მიხედვითაც მამა არის ყოველთვის დაკავებული, მშრომელი კაცი და სახლის საქმეებს ძირითადად დედა აგვარებს. სწორედ ამიტომ არის პალიტრა L-ისთვის აღნიშნულ წამოწყებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი", — ამბობს მაია ალუდაური.

ლუნა და ციცინათელების პლანეტა კამპანიის ფარგლებში გამოცემული მეორე წიგნია, პირველი ალექსანდრე ლორთქიფანიძის იავნანა ლილისთვის იყო. მაია ალუდაური თვლის, რომ ორივე წიგნი კარგად წარმოაჩენს მამის როლის მნიშვნელობას.

"ნაწარმოები ძალიან ნატიფად ეხება მამის როლის შვილის აღზრდაში; მშობლის გავლენას შვილის ინტერესების და ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში და სხვა იდეებს. ჩვენ სამომავლოდაც გავაგრძელებთ კამპანიის მხარდაჭერას. აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას და ჩვენს წვლილს შევიტანთ ბავშვების განათლებაში, მამის სწორი როლის დამკვიდრებაში და ბევრი ისეთი თვისების განვითარებაში, რომელიც ადამიანის ცხოვრებას განსაზღვრავს" — ამბობს მაია.

მაია ალუდაურის თქმით, ეს წიგნი მშობლებისთვისაც არის განკუთვნილი. "ასეთ ნატიფ ტექსტში მშობლებიც ბევრ მნიშვნელოვან აღმოჩენას გააკეთებენ. თანამედროვე ავტორებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა მამებს მოვუწოდებ, აქტიურად ჩაერთონ მსგავს კამპანიებში, შვილებისთვის წერონ და აუცილებლად წაუკითხონ. დიდი იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ მნიშვნელოვან საქმეში", — აღნიშნავს პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი.

წიგნი მომზადდა პროგრამის — ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და მამაკაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.