აშშ-ის საელჩო თბილისში იზიარებს საქართველოს შეშფოთებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 6-7 ოქტომბრის რაუნდის გაუქმებასთან დაკავშირებით, "რაც ერთი მონაწილის არდასწრების გადაწყვეტილებამ გამოიწვია".

მათი განცხადებით, ამერიკული დელეგაცია მზად იყო, დასწრებოდა მოლაპარაკებებს, რომელიც რუსეთის მიერ გაუქმდა.

"ამერიკული დელეგაცია სრულად იყო მზად დასწრებოდა ამ კვირის მოლაპარაკებებს ჟენევაში, ისევე, როგორც სექტემბერში ჩანიშნულ მოლაპარაკებებს, რომელიც იმავე მონაწილის მიერ გაუქმდა. მადლობას ვუხდით მასპინძლობაში ჩართულ ყველა მონაწილეს, ვინც COVID-19 პანდემიის პირობებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარებისთვის საქმიანობს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დეკემბრის რაუნდში სრული მონაწილეობით და პერსონალური დასწრებით, მოლაპარაკებების ყველა მონაწილემ უნდა წარმოაჩინოს მხარდაჭერა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ", — აცხადებენ საელჩოში.

საელჩოში, ასევე, აცხადებენ, რომ ახლა, ისე, როგორც არასდროს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს გადამწყვეტი როლი აკისრია კრიტიკული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგის გამართვაში, მათ შორის იმ საჭიროებებზე, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო არათანაზომიერად დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და სხვა მოწყვლად მოსახლეობას გააჩნიათ.

საელჩოში ასევე აცხადებენ, რომ ისინი გმობენ რუსეთის მიერ მართული ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმდინარე დაპატიმრებებს.

"ვგმობთ რუსეთის მიერ მართული ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმდინარე დაპატიმრებებს და მოვუწოდებთ მათი მყისიერი გათავისუფლებისაკენ. მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების გამო, რომლებიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების აკრძალვას შეეწირნენ. უნდა შეწყდეს რუსეთის ქმედებები, რომელიც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ამ რთულ პერიოდშიც კი, მისია განაგრძობდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას".

რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი ჩაშალეს.