დღეს, 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშებს დაუშვებენ და 1921 წელს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელას გმირთა მემორიალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მთავრობის წევრები გვირგვინებით შეამკობენ.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამ წელიწადში, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმიამ საქართველოს ანექსია ბრძოლის გამოცხადების გარეშე მოახდინა. რუსეთის წითელ არმიასთან ბრძოლას ქართველ იუნკერთა დიდი ნაწილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2010 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც ყოველი წლის 25 თებერვალს მთავრობამ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან ბრძოლაში დაღუპული გმირების პატივსაცემად სახელმწიფო დროშები უნდა დაუშვას და წუთიერი დუმილი გამოაცხადოს.

კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან არსებულ გმირთა მემორიალს ასევე პატივს მიაგებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი, პაატა ბურჭულაძის-საქართველოს განვითარების ფონდის წევრები, თავისუფალი დემოკრატების ლიდერები, ახალგაზრდა თაობა და სხვ.