სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლიციის მხრიდან თბილისში ერთ-ერთი ლგბტ თემის ოფისის ჩხრეკის დროს ადამიანის ღირსების შემლახველი ქმედება დაადგინა. კერძოდ, სასამართლომ დაადასტურა, რომ 2009 წელს ფონდ ინკლუზივის ოფისში ჩატარებული რეიდის დროს პოლიცია განმცხადებლის მისამართით დისკრიმინაციულად, ღირსებისშემლახველად იქცეოდა. სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციის მხრიდან ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ქმედებაზე სახელმწიფო იყო პასუხისმგებელი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს თანახმად, მომხდარის გამოძიება სათანადოდ არ მოხდა და შედეგად ორივე მომჩივანისთვის, ეკატერინე აღდგომელაშვილისთვისა და თინათინ ჯაფარიძესთვის, საქართველოს 2 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

საუბარია ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების დარღვევაზე, რაც ადამიანის მიმართ ღირსებისშემლახველ, დამამცირებელ და დისკრიმინაციულ მოპყრობას გულისხმობს.

"აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ ოფისში 17 პოლიციელმა ჩხრეკა მაშინ ჩაატარა, როცა ისინი გამოფენისთვის ემზადებოდნენ. სამართალდამცავები სასამართლო განჩინების გარეშე შეცვივდნენ შენობაში და ჩხრეკა დაიწყეს.

მომჩივნების განცხადებით, პოლიციელებმა ოფისის თანამშრომლების შეურაცხყოფა მას შემდეგ დაიწყეს, რაც შეიტყვეს, რომ შენობაში ლგბტქ თემატიკაზე მომუშავე ადამიანები იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მათი შეურაცხყოფა დაიწყეს და "ავადმყოფები", "გარყვნილება" უწოდეს.

განმცხადებლების თქმით, პოლიციის ქალმა ოფიცრებმა ჩხრეკა ოფისის თანამშრომლების გაშიშვლებით დაიწყეს. მათივე განმარტებით, გაშიშვლებით ჩხრეკა ოფისის ტუალეტში, ცივ და ჭუჭყიან იატაკზეც ჩატარდა და ჩხრეკის შესახებ პოლიციას ოქმი არ შეუდგენია.