ახალი კვლევის მიხედვით, ძაღლებისთვის ადამიანის სახის და ზურგის ყურება თანაბრად უმნიშვნელოა. ძაღლის მეპატრონეებს ხშირად ჰგონიათ, რომ ძაღლები მათ ემოციებს კითხულობენ, რაც მეტწილად სიმართლეა, თუმცა ეს ძაღლების ტვინზე დიდად არ აისახება.

"საოცარია, რომ ძაღლები ადამიანების სახეს ასე კარგად ცნობენ და ემოციებსაც 'კითხულობენ" მიუხედავად იმისა, რომ მათ ტვინს სპეციალიზირებული რეგიონი არ აქვთ, რომელიც ამას აკეთებს", — ამბობს კვლევის თანაავტორი ატილა ენდიქსი.

Journal of Neuroscience-ში გამოქვეყნებულ კვლევაში 20 ძაღლს ადამიანის სახის და თავის უკანა ნაწილის ვიდეოებს აჩვენებდნენ, მაშინ როცა ცხოველები MRI-ში უძრავად იწვნენ, რაც მეცნიერებს ძაღლების ტვინის მონიტორინგის საშუალებას აძლევდათ. შედარებისთვის მეცნიერებმა იგივე ვიდეოები ადამიანებსაც აჩვენეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, სხვა ადამიანის ან ცხოველის სახის დანახვაზე, კვლევაში მონაწილე ადამიანების ტვინის ვიზუალური ცენტრი ინთებოდა. თავის უკანა ნაწილის დანახვაზე კი ტვინის "აღგზნება" შემცირებული იყო.

ძაღლების შემთხვევაში განსხვავებული შედეგი იყო. სახის დანახვისას ძაღლებს განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონიათ. თუმცა, ძაღლები მაინც ხვდებოდნენ ადამიანს უყურებდნენ თუ ძაღლს.

"ვფიქრობ გასაოცარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძაღლებს სახეების აღქმისთვის ტვინში სპეციალიზირებული უბნები არ აქვთ, ისინი ადამიანის სახის გამომეტყველების და მზერის აღქმას მაინც ახერხებენ", — ამბობს ენდიქსი.

ნეირომეცნიერი სოფი სკოტი ამბობს, რომ ძაღლები "მეგობარ" ადამიანებს და ცხოველებს ყნოსვით, სმენით და სხეულის ენით უკეთ ცნობენ.

მკვლევრები ამბობენ, რომ მიუხედვად იმისა, რომ სახეების დანახვისას მათი ტვინის აქტივობა დიდად არ იცვლება, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ადამიანებს სახეებს ვერ ცნობენ ან რეაქცია საერთოდ არ აქვთ. მხოლოდ ტვინის აქტივობის გაზომვა მსგავსი დასკვნის გამოსატანად საკმარისი არ არის.