მწვანე ალტერნატივას განცხადებით, თბილისის მერიის ქმედებები ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობასთან დაკავშირებით, ზღუდავს საქართველოს მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო სივრცით სარგებლობისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებებს, ეწინააღმდეგება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებსა და ეროვნულ კანონმდებლობას.

მათი განცხადების მიხედვით, თბილისის მერიამ უკვე დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, როდესაც ქალაქის გარემოსა და თბილისის მაცხოვრებელთათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჯერ მიიღო და მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა ის საზოგადოებას.

"2020 წლის 6 ოქტომბერს, თბილისის მერმა საზოგადოებას აცნობა, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარის ფართობზე, ცენტრალური პარკი მოეწყობა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ნათელია, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული ტერიტორიის ფუნქციური დანიშნულება და ლანდშაფტი, რაც ბუნებრივი მწვანე საფარის შენობებით, ასფალტითა და ბეტონით, ავტოსადგომებით, ძვირადღირებული დეკორატიული მცენარეებით ჩანაცვლების ხარჯზე მოხდება.

მერიის გეგმა რადიკალურად განსხვავდება საზოგადოების იმ ნაწილის ხედვისგან, რომელიც წლების განმავლობაში ითხოვდა იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობას, სადაც შენარჩუნებული იქნებოდა ბუნებრივი გარემო, მოსახლეობას შეეძლებოდა ჩვეული სპორტული აქტივობების გაგრძელება, გაშენდებოდა არა დეკორატიული, არამედ, ეკოლოგიური ფუნქციების მქონე ადგილობრივი სახეობები, რომელთა მოვლა გაცილებით იაფი დაუჯდება ქალაქის ბიუჯეტს", — წერია მათ განცხადებაში.

ასევე, რაც შეეხება პროცედურულ საკითხს, მწვანე ალტერნატივა აცხადებს, რომ 10 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე გასართობი პარკის გაშენება ექვემდებარება კოდექსით გათვალისწინებულ სკრინინგის პროცედურას, რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისის მერია ვალდებულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგინოს იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის დაგეგმილი პროექტის შესახებ ინფორმაცია (ე.წ. სკრინინგის განცხადება). ასევე, სამინისტრო ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი პროექტი გარემოზე ზეგავლენის შეფასებას (გზშ-ს).

მათი თქმით, სამინისტრო ვალდებულია, კოდექსით დადგენილი წესით, უზრუნველყოს საზოგადოების მონაწილეობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მწვანე ალტერნატივა მოუწოდებს თბილისის მერიას, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და არ დაიწყოს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოები.