ადამიანებში თვალის ბადურის დაზიანება სიბრმავის მთავარი მიზეზია, რომელიც მსოფლიოს გარშემო უამრავ ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, ბადურა იმ რამდენიმე ქსოვილიდან ერთ-ერთია, რომლის აღდგენაც ადამიანს არ შეუძლია.

თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, ზოგიერთ ცხოველს, მათ შორის დანიო-რერიოს, მხედველობისთვის საკვანძო მნიშვნელობის ქსოვილის აღდგენის უნარი აქვს. ამ პაწაწინა ცხოველთან ჩვენ გენების 70%-ს ვიზიარებთ, სწორედ ამიტომ მეცნიერებმა მათი შესწავლა დაიწყეს და დაადგინეს, რომ ამ გენებს შორის ისეთებიცაა, რომლებიც დანიო-რერიოებში ბადურის აღდგენაზეა პასუხისმგებელი.

"როგორც ჩანს, რეგენერაცია ძირითადი თვისებაა, ადამიანებმა კი ეს უნარი ევოლუციის გზაზე დაკარგეს", — განაცხადა ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა სეტ ბლექშოვმა.

ბადურა ჩვენი თვალის ნაწილია, რომელიც სინათლეზე რეაგირებს. იგი ჩხირებსა და კოლბებს შეიცავს, რომლებიც სინათლეს აღიქვამენ, ისევე როგორც ნერვულ უჯრედებს და სინაფსებს — ისინი სინათლის შესახებ მიღებულ ინფორმაციას ტვინს აწვდიან.

ადამიანის სხეულის ჩამოყალიბების დროს, ბადურა ტვინიდან ფორმირდება — რეალურად იგი ტვინის ქსოვილია, რომელიც ჩვენს თვალებთან სრულდება და ცენტრალურ ნერვულ სისტემას წარმოადგენს.

ბადურის კიდევ ერთი შემადგენელი უჯრედები მიულერის უჯრედები (თვალის ბადურის გლიური უჯრედები) არიან, რომლებიც მასში არსებული ნერვული უჯრედების მუშაობას აკონტროლებენ. ისინი ბადურას ნარჩენებისგან ასუფთავებენ, მნიშვნელოვან მოლეკულებს ინახავენ, ასევე საჭიროების შემთხვევაში იმუნური სისტემიდანაც ითხოვენ დახმარებას.

ზოგიერთი თევზისა და რეპტილიის შემთხვევაში, ეს მიულერის უჯრედები დაზიანების შემთხვევაში ბადურის აღდგენას უზრუნველჰყოფენ, თუმცა არა ძუძუმწოვრებში. მკვლევართა გუნდი დანიო-რერიოებში, ქათმებსა და თაგვებში მიულერის უჯრედებთან დაკავშირებულ გენებს იკვლევდა — ისინი ამ სამ სახეობაში დაზიანების დროს უჯრედების რეაგირებას აკვირდებოდნენ.

გააქტიურებული გენები დაზიანების აღმოფხვრაში მონაწილეობდნენ — მათ იმუნური უჯრედები მოიხმეს, რათა დაზიანებული ქსოვილი გაესუფთავებინათ და პოტენციური საფრთხის წინააღმდეგ ებრძოლათ. თუმცა ამ პროცესის შემდეგ, ქსელი, რომელიც ამ გენების მუშაობას ხელს უშლის მხოლოდ თავგების შემთხვევაში გააქტიურდა. შესაბამისად, მათ იმ უჯრედებად გარდაქმნა ვერ შეძლეს, რომლებიც ბადურას შექმნიდა.

მკვლევრებმა ასევე შენიშნეს, რომ სამივე სახეობაში ბადურის დაზიანების შემდეგ, მიულერის უჯრედებმა სპეციფიკური ცილის წარმოქმნა შეწყვიტეს, რომელიც აღნიშნულ გენებს თიშავს. თუმცა თაგვებში იგი მალევე გამოჩნდა, ამიტო მკვლევრებმა ცილის წარმოქმნა ხელოვნურად შეწყვიტეს, ზრდასრული თაგვის ბადურამ კი დაზიანების შემდეგ აღდგენა დაიწყო.

ეს, რა თქმა უნდა, მნიშნელოვანი მიღწევაა, თუმცა ადამიანებში ბადურის რეგენერაციამდე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. გუნდის თქმით, ეს პროცესი ძალიან კომპლექსურია და უამრავი სხვადასხვა მექანიზმის შესწავლაა საჭირო. თუმცა უამრავი კვლევისა და ექსპერიმენტის შემდეგ ბადურის აღდგენის პროცედურა, შესაძლოა, რეალობად იქცეს.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.