საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის განცხადების შესახებ თავადაც არაფერი იცოდა და მასაც გაუკვირდა ელჩის "ემოციური დამოკიდებულება კოლეგის მიმართ". ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"რაც შეეხება ელჩის მხრიდან გამოთქმულ გამოხმაურებას, მეც გამიკვირდა, იცით თქვენ, რომ ჩვეულებრივი კოლეგიალობიდან გამომდინარე, ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, ელჩი როდესაც რაიმე სახის განცხადებას აკეთებს, მითუმეტეს, ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საკითხი, ასეთი ზარი არ შემოსულა, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. მან, თუ არ ვცდები, ეს განცხადება facebook პოსტის სახით გამოაქვეყნა და ალბათ, ეს მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ", — აცხადებს ზალკალიანი.

მისივე თქმით, ელჩს აუცილებლად მიეწოდება ყველა საჭირო ინფორმაცია გამოძიებების უწყებებიდან და კომუნიკაცია აუცილებლად გაგრძელდება.

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ გუშინ, 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია.