აზერბაიჯანმა ირანს ბოდიში მოუხადა სომხეთთან ომის ფონზე მათ მიწაზე მოხვედრილი საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების გამო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ირანული გამოცემა Tasnimnews.com ავრცელებს.

ირანის პოლიციის მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ყასემ რეზაიმ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკებების ბოლოდროინდელი გამწვავების გამო სინანული გამოთქვა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ირანელმა მესაზღვრეებმა ორივე მხარე ოფიციალურად გააფრთხილეს მას შემდეგ, რაც ირანში არაერთი საარტილერიო ჭურვი და რაკეტა ჩამოვარდა. მანვე დასძინა, რომ კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარემ აღიარა შეცდომა.

გენერალმა რეზაიმ განაცხადა, რომ მან აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან საზღვარზე შეხვედრა გამართა, რათა მათ საჭირო საკითხები შეახსენოს და აღნიშნა, რომ მათ ბოდიშის მოხდა შესთავაზეს.

აზერბაიჯანულმა და სომხურმა ძალებმა პირობა დადეს, რომ სასროლ კუთხეს შეასწორებენ, რათა მსგავსი ირანელი ფერმერები, მუშები და სასაზღვრო რაიონების მოსახლეობა არ დაზარალდეს.

27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს.