საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, ეკლესია "ვერ გაჩერდება", ვიდრე დავით გარეჯის საკითხი "სასიკეთოდ" არ გადაწყდება.

"კითხვაზე, თუ რატომ ერევა საქართველოს ეკლესია ასე აქტიურად გარეჯის საკითხის გადაწყვეტაში, პასუხი მარტივია – დავით გარეჯის ლავრა და აქ მდებარე მონასტრები საქართველოს კუთვნილ მიწაზე მდებარეობს, ჩვენი ქვეყნის სიწმინდეს წარმოადგენს", — აცხადებენ საპატრიარქოში.

საპატრიარქოს პრესსამსახურის თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც ეკლესია ასეთ პროცესშია ჩართული ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ ყოველგვარი ცილისწამება დავით გარეჯის პრობლემატიკას პირდაპირ უკავშირდება.

მათივე თქმით, აღნიშნული მონასტრები იურიდიულად საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა, შესაბამისად, მათზე ზრუნვა და დაცვა ეკლესიის პირდაპირი ვალდებულებაა.

"იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება საზღვრებს, გარკვეული ძალები ცდილობენ, ეკლესიის პოზიციას პოლიტიკური სარჩული დაუდონ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრულ ურთიერთობას კი ჩრდილი მიაყენონ. ამიტომ ეკლესია კიდევ ერთხელ გარკვევით აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ მისთვის მთავარია ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით, ყოველგვარი პოლიტიზებისა და დაძაბულობის გარეშე", — აცხადებს საპატრიარქო.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ სახელმწიფოს ახლანდელი რეაგირება იმ ქმედებების შედეგია, რომელსაც ეკლესია ბოლო 15 წლის განმავლობაში ახორციელებდა და ამ საკითხის საარჩევნო, ან მეზობელ ქვეყნებს შორის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირება ხელოვნურია.

კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დღეს დააკავეს.

მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორია. ორივეს მიმართ პროკურატურა პატიმრობის შეფარედებას მოითხოვს.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების საქმეს ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელ ქვეყანას 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

საქმის აღძვრის შემდეგ საგამოძიებო ორგანოებმა მელაშვილისა და ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.