საოკუპაციო რეჟიმის მიერ დევნილი თამარ მეარაყიშვილი 22-ე დღე შუქის გარეშეა. უკვე 13 დღე გავიდა მას შემდეგ რაც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მისი საკითხი დააყენა და საოკუპაციო რეჟიმს დევნის შეწყვეტა მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ.

მეარაყიშვილის დენი "საგადასახადო დავალიანების" მიზეზით გაუთიშეს. მას შესაბამისი შეტყობინება ახალგორის დე ფაქტო პროკურატურისგან მიუვიდა, რომლის ხელმომწერი ალან კულუმბეგოვია. სწორედ ის იყო თამარ მეარაყიშვილის საქმის პროკურორი, რომელიც სასამართლომ საქმეს ჩამოაშორა.

სამოქალაქო აქტივისტს შუქის გათიშვა კულუმბეგოვმა ფეისბუქ გვერდზე "დაუანონსა", მას შემდეგ რაც მის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო. ერთ-ერთ კომენტარში მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მეარაყიშვილს დავალიანების გამო დენი ადრეც ჰქონდა გათიშული და გაცილებით უფრო დიდ თანხაზე ისაუბრა, ვიდრე სამოქალაქო აქტივისტს პროკურატურამ დააკისრა.

მოგვიანებით, მეარაყიშვილს კულუმბეგოვისგან დე ფაქტო პროკურატურის განცხადება მიუვიდა, სადაც მას თანხის გადახდას სთხოვდნენ.

ახალგორის დე ფაქტო პროკურორის მიერ თამარ მეარაყიშვილისთვის გაგზავნილი დოკუმენტი, სადაც მას 9 026 რუბლის დენის დავალიანების გადახდას თხოვენ.

ფოტო: თამარ მეარაყიშვილი

რადგან გადასახდელი თანხის ოდენობა შეცვლილი იყო, მეარაყიშვილმა ამის შესახებ მას კომენტარებში ჰკითხა. კულუმბეგოვმა კი ირონიულად უპასუხა, რომ გამომდინარე იქედან, რომ მეარაყიშვილი უმუშევარია, "ფასდაკლება" გაუკეთეს.

სქრინი თამარ მეარაყიშვილისა და დე ფაქტო პროკურორის, ალან კულუმბეგოვის მიმოწერიდან

როგორც On.ge-სთან საუბარში მეარაყიშვილი აღნიშნავს, ოკუპირებულ რაიონში იმის მოლოდინი აქვთ, რომ ის დავალიანებას გადაიხდის. სამოქალაქო აქტივისტი, ასევე, ამბობს, რომ მისთვის აღნიშნული განცხადებით ენერგორესურსს უნდა მიემართა და არა დე ფაქტო პროკურატურას, რადგან შემდეგ სწორედ მათ უნდა მიემართათ ე.წ. სასამართლოსთვის. თამარ მეარაყიშვილი დავალიანების გადახდას არ აპირებს და სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

უშუქობის გასამკლავებლად სამოქალაქო აქტივისტი სხვადასხვა გზას ეძებს. დღისით საკუთარ ბინაშია, ღამით კი მშობლების სახლში მიდის. მალე კი ბინაში ღუმელის დადგმას აპირებს.

"დენთან დაკავშირებული რაცაა მშობლებთან ვაკეთებ. ორშაბათს ენერგორესურსის უფროსის მოადგილეს შევხვდი, რომელმაც ირონიული ღიმილით მითხრა: აბა, უშუქოდ როგორ იქნები, გადაიხდიო", — ამბობს მეარაყიშვილი.

სამ წელზე მეტია, ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების მსხვერპლია. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამო, მეარაყიშვილს წლებია გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს. ახალგორის ჩაკეტვის შემდეგ, მის მონახულებას ოჯახის წევრებიც ვეღარ ახერხებენ.

გაიგეთ მეტი: