ლაგუნა ვერეს ისტორია ჩვენს დაბადებამდე ბევრად ადრე იწყება. მისი მშენებლობა 1965 წელს გადაწყდა, როცა კომპლექსის თავდაპირველი დიზაინი შეიქმნა. რამდენიმე წელში პროექტზე მუშაობა ქართველმა არქიტექტორებმა: რამაზ კიკნაძემ, გურამ აბულაძემ და შოთა ყავლაშვილმა დაიწყეს, რის შემდეგაც რამდენიმეწლიანი მშენებლობა დაიწყო.

კომპლექსი 1978 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნა და ლენინის კომსომოლი ეწოდა. ის იყო კავკასიაში პირველი საწყალოსნო სპორტული კომპლექსი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამებოდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მას სახელი ორჯერ გადაერქვა. თავდაპირველად სივრცეს "ვერე" შეარქვეს, საბოლოო სახელი კი, 1997 წელს ეწოდა.

ლაგუნა ვერემ ფუნქციონირება გახსნიდან 35 წლის შემდეგ, 2013 წლის დეკემბრის ბოლოს შეწყვიტა.

ცარიელი დერეფნები, ხავსისთვის და მცენარეებისთვის დათმობილი აუზები, ტრიბუნები — რომლებიც ერთ დროს მხარდამჭერების ყიჟინით გუგუნებდა — ახლა საზარლად დადუმებულა.

ეს ლაგუნა ვერეს ამბის ახალი ფურცელია, რომელიც 7 წელია, დროშია გაჩერებული.

იქ, სადაც დღეს ჟანგისთვის, სარეველა მცენარეებისთვისა და ნარჩენებისთვის მიტოვებულ სასრიალოებს ვეჩეხებით, ათწლეულების განმავლობაში გრძელი, ნათელი დღეების ბედნიერი ისტორია იქმნებოდა.

ლაგუნა ვერემ უამრავი სპორტსმენი აღზარდა, ცურვის, წყალბურთის, წყალში ხტომისა და სინქრონული ცურვის ნაკრები გუნდები... მისი გამორჩეული დიზაინი და არქიტექტურა მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს სთავაზობდა.

სპორტულ კომპლექსში ეწყობოდა საერთაშორისო შეჯიბრებებიც. სასწავლო საცურაო აუზის გარდა, აქ იყო აუზები ჩემპიონატებისთვისა და წყალში მხტომელთათვის — 5, 7 და 10-მეტრიანი კოშკურებითა და 1 და 3-მეტრიანი ტრამპლინებით, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი.

მსოფლიო ჩემპიონმა თანამედროვე ხუთჭიდში, ჰენრი კუპრაშვილმა ლაგუნა ვერეზე უამრავი თაობა აღზარდა და სწორედ აქ გააცოცხლა ცურვის უნიკალური ქართული სახეობა "ხელფეხშეკრული კოლხური", 2001 წელს კი საერთაშორისო მედიის თვალწინ ის ოთხგან ხელფეხშეკრული გადახტა აუზში და შეუსვენებლივ გაცურა 2 კილომეტრი. CNN-მა მოცურავეს "ადამიანი დელფინი" შეარქვა. ამ სტილს სამხედრო ტყვეები გასათავისუფლებლად იყენებდნენ.

2004 წლიდან კი, ლაგუნა ვერეზე თავისუფალ კოლხურსა და ხელფეხშეკრულ კოლხურში შეჯიბრება იმართებოდა.

სპორტსმენების გარდა, კომპლექსს მნიშვნელოვანი დანიშნულება ჰქონდა თბილისელების ცხოვრებაში. ახლა მიტოვებული და ბუნების ამარა დატოვებული შენობა სულ რამდენიმე წლის წინ დიდებისა და პატარების თავშეყრის საყვარელი ადგილი იყო.

ლაგუნა ვერეს დახურვა მოულოდნელად გადაწყდა. მას ბოლო დღემდე ათასობით მოყვარული თუ პროფესიონალი სპორტსმენი სტუმრობდა. გამაჯანსაღებელი კომპლექსის სივრცე ეთმობოდა სავარჯიშო დარბაზებსაც.

ადამიანების გარეშე ლაგუნა ვერეს ისტორიას მნიშვნელობა ეკარგება. თუმცა, აღსანიშნავია მისი უნიკალური ხელოვნების ნიმუშები და არქიტექტურული ელემენტები, რომლებსაც შენარჩუნება სჭირდება.

კომპლექსი გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუშია. ქართველი მხატვრის, ნიკოლოზ იგნატოვის მოზაიკური პანო და ინტერიერში შესრულებული ფერწერული მოხატულობა კი, ლაგუნა ვერეს მთავარ ფასადზე დღემდე შემორჩენილია. კომპლექსისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მინიჭებას წლებია ითხოვენ.

ლაგუნა ვერეს შიდა სივრცე

ფოტო: შოთა ყავლაშვილის ოჯახის არქივი / IDAAF

2007 წლიდან ლაგუნა ვერეს მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილი გახდა. კომპლექსს მასთან დაკავშირებული სააქციო საზოგადოება "იუნიონი" ფლობს, რომელიც ოფშორში რეგისტრირებულ Ringold Finance Limited-ს ეკუთვნის.

2013 წლის მიწურულს, ახალი წლის წინა დღეებში, თანამშრომლები 1-თვიან შვებულებაში გაუშვეს და კომპლექსი მას შემდეგ არ გახსნილა.

"ომის დროს არ გაჩერებულა და ახლა გააჩერეს", — ამბობდა ერთ-ერთი თანამშრომელი ნეტგაზეთთან 2014 წელს.

მოგვიანებით, დახურვის მიზეზად სიძველე, ამორტიზებულობა და არამომგებიანობა დასახელდა. ლაგუნა ვერე საგრძნობლად დააზარალა 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ, იგი დაიფარა ნაგვითა და შლამით, თუმცა კაპიტალურად მას შემდეგ არ გაწმენდილა.

2017 წელს, თბილისის მერის არჩევნების წინ, ლაგუნა ვერე კახა კალაძის სარეკლამო რგოლში, სიცოცხლით სავსე ქალაქი, გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების კანდიდატი მოსახლეობას რეაბილიტირებულ და წყლით სავსე ლაგუნა ვერეს დაჰპირდა, 2020 წელსაც ისტორიული კომპლექსი ცხოვრებას უსიცოცხლოდ განაგრძობს.