სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივ დევნის საქმეს შეისწავლის. აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ის ითანამშრომლებს, როგორც დაცვის მხარესთან, ასევე, პროკურატურისგან გამოითხოვს ინფორმაციას.

ლომჯარიას თქმით, მისი შესწავლის საგანი, როგორც საპროცესო უფლებების დაცვა, ასევე, ბრალად წარდგენილი ქმედების მართლზომიერების საკითხი იქნება.

"საკითხის სენსიტიურობიდან და მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს გამოძების გამჭვირვალობა და პროცესის მონაწილე პირების კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებების დაცვა", — აცხადებს სახალხო დამცველი.

კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დღეს დააკავეს.

მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორია. ორივეს მიმართ პროკურატურა პატიმრობის შეფარედებას მოითხოვს.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების საქმეს ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელ ქვეყანას 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

საქმის აღძვრის შემდეგ საგამოძიებო ორგანოებმა მელაშვილისა და ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.