გირჩის ქალთა კვოტირების გაუქმების სარჩელის ნაწულობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ორმა მოსამართლემ, ირინე იმერლიშვილმა და თეიმურაზ ტუღუშმა განსხვავებული აზრი გამოხატა. მოსამართლეები, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, რომლის თანახმად, საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხედ ქალის ჩასმის აუცილებლობა არაკონსტიტუციურად არ ცნეს, თუმცა, სიაში ყოველ მეოთხედ კაცის ჩასმის აუცილებლობა არაკონსტიტუციურია.

მოსამართლეების განცხადებით, სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნა სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა და სავალდებულო კვოტირების წესი არაკონსტიტუციურად ეცნო. მათივე თქმით, სავალდებულო კვოტირების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე მსჯელობისას რიგ მნიშვნელოვან გარემოებებზე ყურადღება არ გამახვილდა, რაც, საბოლოო ჯამში, საფუძვლად დაედო კონსტიტუციური სარჩელის არა სრულად, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.

"კერძოდ, სრულფასოვნად არ იქნა გააზრებული სავალდებულო კვოტირების დაწესებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საფრთხეები, მით უფრო, როდესაც საქმე ეხება საყოველთაო არჩევნებს, რომელთან მიმართებით თვისობრივად უცხოა მსგავსი ბუნების მქონე მოთხოვნების დაწესება. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთებისას ყურადღების მიღმა არის დატოვებული არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც, ჩვენი პოზიციით, სადავო რეგულირების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს", — წერია მოსამართლეების განცხადებაში.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, სადავოდ გამხდარი ნორმა საარჩევნო სუბიექტებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გასამართ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სიის იმგვარად დარეგისტრირების ვალდებულებას უდგენდა, რომ სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც განსხვავებული სქესის წარმომადგენელი ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდებოდა.