რამდენად ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, ტკბილი საკვები მარილის დამატების შემდეგ კიდევ უფრო მეტ სიტკბოს იძენს. მეცნიერებმა დაიწყეს დამარილებული კარამელისა და ყურძნის შესწავლა, რათა გაიგონ, თუ რაში მდგომარეობს ეს კულინარიული ხრიკი.

როგორც ვიცით, ჩვენს ენაზე არსებული რეცეპტორები გვეხმარებიან შევიგრძნოთ საკვების გემო. რეცეპტორების ჯგუფს, რომელიც სიტკბოს შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი, T1R ეწოდება. იგი აღიქვამს როგორც ბუნებრივ შაქარს, ასევე ხელოვნურად შექმნილ ტკბილ ნივთიერებებს. თავდაპირველად მეცნიერებმა იფიქრეს, რომ T1R-ის გათიშვა შეაჩერებდა რეაგირებას ტკბილ საკვებზე, თუმცა მოგვიანებით, თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ T1R-ის გენის გამოთიშვის მიუხედავად, მუტანტი თაგვები მაინც გემრიელად მიირთმევდნენ გლუკოზას. აქედან გამომდინარე, უნდა ყოფილიყო რაიმე სხვა გზა, რომლითაც თაგვები და, სავარაუდოდ, ადამიანებიც შეიგრძნობენ სიტკბოს.

კვლევის პროცესში კეიკო იასუმაცუმ და მისმა კოლეგებმა ტოკიოს სტომატოლოგიური კოლეჯიდან დაიწყეს იმ ცილის შესწავლა, რომელიც სხეულის სრულიად სხვა ნაწილში მუშაობს გლუკოზასთან ერთად: თანაგადამტანი ნატრიუმის გლუკოზა 1 (SGLT1). თირკმელებსა და ნაწლავებში SGLT1-ს ნატრიუმის საშუალებით გადააქვს გლუკოზა უჯრედებში, რაც შემდეგ უჯრედს ამარაგებს ენერგიით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცილა ასევე გვხვდება ენაზე, სიტკბოს რეცეპტორებშიც.

მეცნიერებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი თაგვების ენაზე მოათავსეს გლუკოზისა და მარილის ხსნარი (მარილი შეიცავს ნატრიუმს, რაც SGLT1-ის მუშაობას უწყობს ხელს), მოგვიანებით კი დააკვირდნენ მათი ენის რეცეპტორებთან დაკავშირებული ნერვების საპასუხო რეაქციას. მარილის დამატებამ ყველაფერი შეცვალა: წინა შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც მუტანტ თაგვებს მხოლოდ გლუკოზა მიაწოდეს, თაგვების ნერვებმა უფრო სწრაფად მოახდინეს რეაგირება. ფხიზლად მყოფმა თაგვებმაც ცალკე აღებულ გლუკოზას მარილისა და გლუკოზის კომბინაცია ამჯობინეს. თუმცა, როდესაც გლუკოზის ნაცვლად გამოიყენეს საქარინი ან სხვა შაქრის შემცველი ნივთიერებები, მათ იგივე შედეგი არ მიუღიათ.

მეტიც, ნაერთი, რომელსაც SGLT1-ის ინჰიბირებისთვის იყენებენ, ხელს უშლის თაგვებს გლუკოზაზე რეაგირებაში აბრკოლებს გლუკოზაზე რეაგირებას, ეს კი შესაძლოა მიგვითითებდეს, რომ გლუკოზის შეგძნებაში სწორედ SGLT1 გვეხმარება, განაცხადეს მკვლევარებმა Acta Physiologica-ში. ჩვეულებრივ თაგვებში SGTL1-მა კიდევ უფრო გაამძაფრა T1R რეცეპტორების მიერ მიღებული ტკბილი გემო. იასუმაცუ კი ფიქრობს, რომ ეს აღმოჩენა შეიძლება ადამიანებზეც ისევე მოქმედებს, როგორც თაგვებზე, რაც ლოგიკურს ხდის მარილიანი ტკბილი საკვების ასეთ პოპულარობას.

მეცნიერებმა უკვე ისიც იციან, რომ არსებობს სამი ტიპის ტკბილმგრძნობიარე გემოს უჯდერები. პირველი ორი იყენებს ან T1R, ან SGLT1 გზას. ისინი ერთდოულად ეხმარებიან ორგანიზმს ხელოვნური და ბუნებრივი შაქრის შემცველი ნივთიერებების გარჩევაში. მესამე ტიპის უჯრედები კი იყენებენ ორივე გზას და ამავდროულად შეუძლიათ ცხიმოვანი მჟავებისა და უმამის არომატის შერგძნებაც. მეცნიერების აზრით, ეს მათ დაეხმარებათ მაღალკალორიული საკვების აღმოჩენაში.

"ეს საკმაოდ საინტერესო ნამუშევარია, რომელიც გვასწავლის, რომ ტკბილი გემო იმაზე რთული და კომპლექსურია, ვიდრე გვეგონა", ამბობს ბაფალოს უნივერსიტეტის გემოთა იმპულსების ექსპერტი, კეტრინ მედლერი, რომელსაც ამ კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია.

"უდავოა, რომ SGLT ხელს უწყობს რეცეპტორების მიერ ტკბილი ნივთიერებების შეგრძნებას," ამბობს ემილი ლიმანი, ნეირობიოლოგი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. ახლა უკვე მთავარი კითხვა ის კი არაა, ეს აღმოჩენა სინამდვილეს შეესაბამება თუ არა, არამედ ის, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი". მაშასადამე, მკვლევარებს ისღა დარჩენიათ, მარილის საბადოებს დაუბრუნდნენ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქს სასწავლი.