დღეს ბიზნესისთვის ციფრული სივრცე ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო არეალი გახდა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს მომხმარებლების რაოდენობის ზრდას, მათ ლოიალობას და, ზოგადად, ბიზნეს ამოცანების შესრულებას.

ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევაა მსოფლიოს მასშტაბით. 2019 წლის მონაცემებით კომპანიების 70%-მა უკვე განახორციელა, ან მუშაობს პროცესების დიჯიტალიზაციაზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში კი, ფიზიკური შეხების წერტილებიდან ონლაინ სივრცეში გადანაცვლება არა მხოლოდ მოგების გაზრდის საშუალება, არამედ აუცილებლობა გახდა. ქართულმა კომპანიებმაც მომხმარებლამდე მისასვლელად ახალი გზების ძიება დაიწყეს.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, თიბისი შენთვის ბიზნესების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის ბოლომდე, 100 ბიზნესისთვის 100 ციფრული სტრატეგია მომზადება.

პროექტის მიზანია ბიზნესებისთვის, რომლებიც თავიანთ ყოველდღიურობაში მომხმარებლებთან ციფრულ არხებში უკეთესი კომუნიკაციის საჭიროებას ხედავენ, მომზადდეს სტრატეგიის დოკუმენტები, რომლებიც მათ კომუნიკაციას უფრო ეფექტურს გახდის.

ამ პროექტის იდეამდე ბიზნესების მხარდაჭერის გუნდი პანდემიის გამოცდილებამ მიიყვანა, როდესაც ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციაზე დაიწყო მუშაობა და მათთვის 200 ონლაინ მაღაზია გაკეთდა. ბიზნესების საჭიროებებიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ ციფრული მარკეტინგი მათთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იყო.

თიბისი შენთვის პროგრამამ საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე უამრავი პროექტი განახორციელა. მათ შორის, სახელმწიფოსთვის 10 000 სწრაფი ტესტის გადაცემა, მომხმარებლებისთვის საკომისიო გადასახადებში 3 მლნ. ლარის დაზოგვა, 200 ბიზნესისთვის ელექტრონული კომერციის პლატფორმების შეთავაზება, 300 000 ლარიანი სადაზღვევო ფონდი ინფიცირებული მედპერსონალისთვის და ა.შ. თიბისი შენთვის ფარგლებში წლის ბოლომდე კიდევ არა ერთი პროექტი განხორციელდება, რომელთა პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა იქნება. სულ, საერთო ჯამში, თიბისი 5 მლნ. ლარს დახარჯავს.

ციფრული სტრატეგიის მსურველი ბიზნესებისთვის რეგისტრაცია 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველი თვის დასაწყისში გაიხსნება. საბოლოო ჯამში კი, 100 ბიზნესი ინდივიდუალურად მიიღებს ციფრულ სტრატეგიას.

პროექტის პარტნიორები არიან კრეატიული სააგენტო ვინდფორსი და ევროპული ფონდი EFSE.

კომპანიებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან, შემდეგ მისამართზე შეუძლიათ: www.digitalstrategies.tbcbusiness.ge