სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაადგინა და მაუწყებელი 500 ლარით დააჯარიმა.

EMC-ის ინფორმაციით, საქმე ეხება მაუწყებლის მხრიდან თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ფაქტს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია დაჯარიმდა არა როგორც მაუწყებელი, არამედ როგორც დამსაქმებელი. დასაქმებულების ინტერესებს EMC იცავდა.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა მაუწყებლის მიერ, ამავე ორგანიზაციის თანამშრომლების შოთა (ბაჩო) გურაბანიძისა და გიორგი მურვანიძის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება და დაადგინა, რომ 2020 წლის 30 ივლისს მაუწყებლის სატელევიზიო ეთერში, გადაცემა "მთავარში" გასული ვიდეომასალა, რომელიც თანამშრომლებს შორის დაპირისპირებას ასახავდა და რომელშიც მარტივად იყო შესაძლებელი განმცხადებლების იდენტიფიცირება, კანონდარღვევით გადაეცა. ვიდეომასალა გადაღებული იყო მაუწყებლის შენობის შიდა პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერით", — ნათქვამია განცხადებაში.

EMC-ის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორმა მიიჩნია, რომ მაუწყებელმა განმცხადებლების პერსონალური მონაცემების დამუშავებით, "დაარღვიეს პერსონალური მონაცემების დამუშავებისას პრინციპების დაცვის ვალდებულება".

გიორგი მურვანიძე და ბაჩო გურაბანიძე აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლები არიან. ისინი აქტიურად უპირისპირდებიან და აკრიტიკებენ მაუწყებელის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებებს.