კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის წევრი ორგანიზაციები ხელისუფლებას პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარის საქმეზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ.

"მიგვაჩნია, რომ პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანია არ შეიძლება დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ხელისუფლება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები როგორც მომხდარის გამოძიების, ისე რადიოს 2020 წლის 6 ოქტომბრის განცხადების თაობაზე, რომლითაც კიდევ უფრო ნათლად ჩანს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეუშლის მიზნით დაგეგმილი ნაბიჯები", — წერია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პანკისის სათემო რადიოს საქმეზე რეაგირებისკენ სახალხო დამცველმაც მოუწოდა.

5 სექტემბერს, ხეობაში პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ხეობიდან რადიოს დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის წასვლას მოითხოვდნენ.

გარდა ამისა, ისინი აცხადებდნენ, რომ პანკისის სათემო რადიო ხეობაში განვითარებულ მოვლენებს არაობიექტურად აშუქებს .

2020 წლის 4 სექტემბერს, პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელმა საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს განცხადებით მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.