შვეიცარიაში, ჟენევის კანტონში მცხოვრებმა ელექტრორატმა მინიმალურ ხელფასად 23 შვეიცარიული ფრანკის ($25) — მსოფლიოში ყველაზე მაღალი ანაზღაურების — განსაზღვრას დაუჭირა მხარი.

28 სექტემბერს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების ცნობით, კანტონის მოსახლეობის 58 პროცენტმა მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მოითხოვა. მათ უნდა ეპასუხათ კითხვისთვის: "ეთანხმებით თუ არა ფართოდ გავრცელებულ ინიციატივას მინიმალურ ხელფასად 23 ფრანკის განსაზღვრასთან დაკავშირებით?"

შვეიცარიაში სრული განაკვეთი საშუალოდ 41-საათიან სამუშაო კვირას მოიაზრებს, შესაბამისად, ახალი წესებით დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი თვეში 3 772 შვეიცარიული ფრანკი ($4 115), წლიურად კი 45 264 ფრანკი ($49 386) იქნება.

ამდენად, ჟენევაში განსაზღვრული მინიმალური ხელფასი აშშ-ის მინიმალურ ხელფასს ($7,25-ს) სამჯერ აღემატება, გაერთიანებული სამეფოს მსგავს მონაცემს (8,72 გირვანქა სტერლინგი) კი ორჯერ (ამ ქვეყნების ზოგიერთ ქალაქსა და თუ რაიონში უფრო მაღალი მინიმალური ხელფასია დაწესებული).

ახალი რეგულაცია ძალაში 1 ნოემბრიდან შევა და ჟენევის სახელმწიფო საბჭოს მრჩევლის, მაურო პოგიას, თქმით, დასაქმებულთა, დაახლოებით, 6 პროცენტს მოუტანს სარგებელს. მიუხედავად ამისა, შვეიცარიას ქვეყანაში განსაზღვრული მინიმალური ხელფასი არ აქვს — ამას თავად კანტონები წყვეტენ.

ფოტო: Darren England / AAP

საათში $25 დოლარი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ცნობით, ამ დრომდე საათობრივად ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი ავსტრალიაში იყო ($12,6).

მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ჟენევა, რომელიც კანტონის დედაქალაქია, არაერთი რეიტინგით მსოფლიოს ყველაზე ძვირიან ქალაქად მიიჩნევა. The Economist Intelligence Unit-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ერთი კილოგრამი პური საშუალოდ $5,62 ღირს, თმის შეჭრა ქალთა სალონში კი — $93.

The Guardian-ის ცნობით, მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული მოთხოვნა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გაჩნდა, რაც მძიმედ აისახა სავაჭრო და ტურისტურ სექტორზე.

შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარზე დასაქმებულთა მხარდამჭერების ჯგუფის პრეზიდენტის, მიშელ შარას, თქმით, პანდემიამ აჩვენა, რომ "შვეიცარიელთა გარკვეულ ნაწილს ჟენევაში ცხოვრება არ შეუძლია".

იგი ასევე დასძენს, რომ თვეში 4 000 ფრანკი მინიმუმია, რათა "სიღარიბის ზღვარს არ გადასცდე და ძალიან რთულ სიტუაციაში არ აღმოჩნდე".

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში ხელფასის მინიმალური ოდენობა განსაღვრული არაა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ, მას შედეგი არ მოჰყოლია. 2020 წლის აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმად 161,5 ლარი, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმად კი 305,8 ლარია განსაზღვრული.