მსახიობი კლარკ მიდლტონი, რომელიც სერიალებში, ტვინ პიკსსა და შავ სიაში განსახიერებული როლებით დაგვამახსოვრდა, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დასავლეთ ნილოსის ცხელების ვირუსით იყო ინფიცირებული. მიდლტონი ასევე მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა Kill Bill: Vol 2, Sin City, Birdman და სხვა.

"არასდროს დამავიწყდება მისი სიტყვები: "მიეცი სამყაროს მაქსიმუმი და ისიც მაქსიმუმით გიპასუხებს", მადლობა გამოხატუული სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთის. ის ახლა ნათელშია და სიყვარულს გვიგზავნის", — დაწერა ტვიტერზე მისმა ცოლმა, ელიზა მიდლტონმა.

კლარკს 4 წლის ასაკში იუვენილური რევმატოიდული ართრიტი დაემართა. როგორც ის ამბობდა, დაავადებამ მისი ხელების და თეძოების ფორმები შეცვალა და კისრის მოძრაობა შეუზღუდა:

"არასდროს მივიჩნევდი თავს მსხვერპლად, მე გმირი ვიყავი, რადგან ყველა სირთულეს გავუმკლავდი!".

თუმცა, ბავშვობაში, ის სკოლაში სიარულის ნაცვლად განათლებას სახლში იღებდა. 80-იანი წლების დასაწყისში მიდლტონი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და თეატრში დაიწყო მუშაობა.

მსახიობს ჰოლივუდში წარმატებული რეპუტაცია ჰქონდა. ის ქასთინგის გარეშე მოხვდა ტვინ პიკსის ბოლო სეზონში, რომელიც 2017 წელს გამოვიდა. ის იყო ყველასთვის საყვარელი გლენ კარტერი შავ სიაში, სადაც რეიმონდ რედინგტონის მეგობრისა და დამხმარის როლში გვევლინებოდა.