ბრაზილიური კომპანია გლობო სიდიდითა და კომერციული წარმატებით მსოფლიოს მეორე არხია და მხოლოდ ამერიკულ ABC-ს ჩამოუვარდება. გლობოს პროდუქცია არა მხოლოდ სტილითა და სიუჟეტით, არამედ კარგი სამსახიობო ანსამბლითაც გამოირჩევა. მისი ვარსკვლავები ყოფილან ოსკარის, ოქროს გლობუსის, ემის, ოქროს დათვისა და სხვა საერთაშორისო ჯილდოების მფლობელები და ნომინანტები, სერიალებს კი არაერთხელ მიუღიათ Emmy Interational-ის მთავარი პრიზი.

გლობო ყოველ ახალ სერიალს საკუთარ სივრცეს უქმნის, ნამდვილი შენობებითა და ქუჩებით. პავილიონები ძირითადად პროჟაკში, მსოფლიოს ყველაზე დიდ სატელევიზიო ქალაქში ეწყობა.

სწორედ ეს უმსხვილესი ბრაზილიური კომპანია გეგმავს 2017 წლის აპრილში გლორია პერესის ახალი სერიალის, ძალის გადაღებას. ბრაზილიის ისტორიაში პირველად სერიალის მთავარი პერსონაჟი ტრანსგენდერი კაცი იქნება.

როგორც გლორია პერესი ამბობს, მიუხედავად ბრაზილიელების გახსნილობისა, გენდერისა თუ ორიენტაციის თემებზე საუბარი სატელევიზიო შოუებში იშვიათად მიმდინარეობს. ტრანსგენდერები კი ბრაზილიაშიც ყველაზე ჩაგრულ ჯგუფს წარმოადგენენ.

"წინა სერიალებში - სუროგატი დედა, კლონი, იქ სადაც უყვართ, ამერიკა და თურქული ვნება ხშირად ვეხებოდი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს: ნარკომანიას, ალკოჰოლიზმს, ემიგრაციას, პროსტიტუციას, იარაღით ვაჭრობას თუ სხვა. ახლა დროა ეთერი იმ ადამიანებს დავუთმოთ, რომლებზეც ყოველდღიურად ძალადობენ და სასიკვდილოდაც კი იმეტებენ" - ამბობს პირესი.

გლობოს და გლორიას გადაწყვეტილებას ბრაზილიაში ისტორიულსაც უწოდებენ. სერიალში მთავარ როლებს ვერა ფიშერი, დებორა ფალაბელა, ლილია კაბრალი და ფაბიო ასნსაო შეასრულებენ.