პოლ მაკარტნიმ ჯონ ლენონთან შეხვედრასა და ბითლზში მათ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ლენონი, რომელიც 1980 წელს გარდაიცვალა, 9 ოქტომბერს 80 წლის შესრულდებოდა და ამ გამორჩეული იუბილეს აღსანიშნავად მისმა შვილმა, შონმა, გადაწყვიტა, მამის ცხოვრებაზე ორნაწილიანი სატელევიზიო გადაცემა შეექმნა.

გადაცემის მეორე ნაწილში შონი მის ძმას, ჯულიენს, და პოლ მაკარტნის ესაუბრება.

მაკარტნიმ ის მომენტი გაიხსენა, როდესაც პირველად მიხვდა, რომ ლენონი გამორჩეული იყო. მისი თქმით, ჯონი პირველად ავტობუსში დაინახა და იფიქრა, რომ იგი "საინტერესო შესახედაობის მქონე ბიჭი" იყო, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ უკანგადავარცხნილთმიანი ახალგაზრდაც მუსიკოსი იყო, სანამ მათმა საერთო მეგობარმა, ივანმა, არ გააცნო იგი ერთ-ერთ სოფლის ფესტივალზე, სადაც The Quarrymen უკრავდა.

ფოტო: Don Paulsen / Michael Ochs Archives / Getty Images

მაკარტნიმ ასევე ისაუბრა საკულტო ბენდის მუსიკალურ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ მუშაობისას მათი დამოკიდებულებები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე დახვეწილობისაკენ სწრაფვა.

"ჩემი დამოკიდებულება ამგვარი იყო: 'ამის გაკეთება მინდა', შემდეგ კი ჯონი საპირისპირო დამოკიდულებით მიერთდებოდა", — აცხადებს მაკარტნი, — "ყველაზე შესანიშნავი სწორედ ამ ორი განსხვავებული დამოკიდებულების შერწყმა იყო, რომელსაც ახლა რიგითი ფანის გადმოსახედიდან ვუყურებ და ვფიქრობ, 'რამდენად გამიმართლა, რომ ავტობუსში ამ უცნობ ბიჭს შევხვდი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ჩემ მსგავსად მუსიკოსი იყო, შემდეგ კი ერთად მუშაობა შევძელით და ერთმანეთიც შევავსეთ'. ამბობენ, ქორწინებაში საპირისპირო მიდრეკილებების მქონე ინდივიდები არიან ხოლმეო, თუმცა ჩვენ გამოხატულად საპირისპირო მისწრაფებები არც გვქონია. უბრალოდ, მე ის გამაჩნდა, რას მას არ ჰქონდა და პირიქით; ამდენად, ამ ორის შერწყმა რაღაც განსაკუთრებულის მომცემი იყო".

გადაცემის პირველ ნაწილში მაკარტნიმ ასევე ახსენა, რაოდენ დიდი შვებაა მისთვის იმის ცოდნა, რომ ლენონის გარდაცვალებამდე მასთან შერიგება მოასწრო.

"ძალიან, ძალიან გულსატკენი იქნებოდა, ჩვენ რომ არ შევრიგებულიყავით", — ამბობს ბრიტანელი მუსიკოსი, — "მიხარია, რომ ეს მოვახერხეთ, რადგან ამის ცოდნა ერთგვარ ძალას მმატებს".