ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის ფედერაციისა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2020 წლის 5 ოქტომბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდების შესახებ ერთობლივი შეთანხმება გამოქვეყნდა.

"რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ, უმკაცრესად გმობენ ძალადობის უპრეცედენტო და სახიფათო ესკალაციას მთიანი ყარაბაღის ზონასა და მის გარეთ.

მინისტრები უპირობოდ, ხაზგასმით აცხადებენ, რომ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები, სავარაუდოდ, მიმართული სამოქალაქო ცენტრებზე — კონტაქტის ხაზის გასწვრივ და აზერბაიჯან-სომხეთის ტერიტორიებზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის გარეთ — და ამ თავდასხმების არაპროპორციული ბუნება რეგიონში სტაბილურობისთვის მიუღებელ საფრთხეს წარმოადგენს.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ლიდერთა 1 ოქტომბრის განცხადების მსგავსად, მინისტრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ კონფლიქტის მხარეებს, რომ დასთანხმდნენ მყისიერ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. თანათავმჯდომარე ქვეყნებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, სრულად გამოიყენონ თავიანთი მანდატი, რომელიც მათ ეუთომ და საერთაშორისო საზოგადოებამ მიანიჭა. ამგვარად, ისინი მტკიცედ გააგრძელებენ მხარეებთან მოლაპარაკებებს და მოწოდებას, რომ ახლავე შეუდგნენ შეთანხმების განახლების პროცესს, რომელიც დაეფუძნება ორივე მხარისთვის კარგად ნაცნობ, რელევანტური საერთაშორისო დოკუმენტების მთავარ პრინციპებს", — ნათქვამია განცხადებაში.

27 სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დრომდე მიმდინარეობს. ორივე მხარე ავრცელებს ინფორმაციას დაღუპულებზე.

საერთაშორისო თანამეგობრობა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ უშედეგოდ მოუწოდებს. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს თურქეთს, რომელიც მომხდარში მხოლოდ სომხეთს ადანაშაულებს და აზერბაიჯანს მხარდაჭერას უცხადებს. სომხეთსა და მთიან ყარაბაღში ამტკიცებენ, რომ ბრძოლებში ჩართულია თურქული არმიაც, რასაც აზერბაიჯანსა და თურქეთში უარყოფენ.