ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ დაადასტურა, რომ გადადგომას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"მქონდა ჩემი პირადი მოსაზრებები და ყველა ადამიანს აქვს პირადი მოსაზრებები. არ არის იშვიათი, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ხომ არ ჯობია, რომ გადადგეს. თუ რატომ — არ დავაზუსტებ. გადაწყვეტილება შევცვალე იმიტომ, რომ ჩავთვალე, ახლა, როცა არის შემთხვევების მატებაა და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევების მატებას არ მოჰყვეს სიდკვილიანობის მატება, ჩემი გადადგომა არ იქნებოდა კარგი, რამეთუ მე ვარ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და ვახორციელებ კოორდინაციას ქვეყანაში ყველა პაციენტის მკურნალობასა და მოვლაზე", — განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, არაერთხელ შეხვდა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, მაგრამ ამ შეხვედრებს მისი გადაწყვეტილების გადაფიქრებასთან კავშირი არ ჰქონია.

თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს იმასაც, რომ გადადგომა სხვა დროსაც სცადა. მაშინ ამ გადაწყვეტილების მიზეზი კლინიკის შენობა იყო. მისი თქმით, კლინიკის ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაში იყო და მოთხოვნა ჰქონდათ, რომ მიეღოთ ახალი შენობა.