საერთაშორისო ჯგუფ ვიონი-ს წევრი, ბილაინი, მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰაკათონის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერი უკვე მეორედ არის. Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული შეჯიბრი საქართველოში ონლაინ, 2–4 ოქტომბერს ჩატარდა.

NASA Space Apps Challenge მსოფლიოს 225 სხვადასხვა ადგილას, 48 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ისეთი ინოვაციური იდეების გენერირებას, რომლებიც კაცობრიობას გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარება. NASA Space Apps Challenge -ში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია დედამიწისა და კოსმოსის კვლევით, ასევე კოდირებით, ტექნოლოგიებით, დიზაინითა და სხვა გამოყენებითი მეცნიერებებით. წელს NASA-ს განსაზღვრული ქონდა 22 გამოწვევა, რომელიც 6 კატეგორიაში განაწილდა: დაკვირვება, ინფორმირება, შენარჩუნება, შექმნა, დაპირისპირება, დაკავშირება. გამარჯვებულმა გუნდებმა ფულადი პრიზები მიიღეს და ახლა NASA-ს გლობალური ჯილდოს კონკურსში მონაწილეობენ.

ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველ ადგილზე გუნდი Fire Detectors გავიდა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები — კარლო თევზაძე, მარიამ შერეშაშვილი და გიორგი ტყებუჩავა — წარმოადგენდნენ. ჰაკათონის მეორე გამარჯვებული გუნდი The Two Degrees გახდა, რომელიც ოთხ მეთერთმეტეკლასელ სკოლის მოსწავლეს აერთიანებს. ესენი არიან დავით დომუზაშვილი, ნიკა სვანიძე, ნიკა გაფრინდაშვილი და ალექსანდრე ლაშქარავა.

"პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა დავსახეთ, რომელიც ერთ საერთო მიზნამდე მიდიოდა — იქამდე აღმოეჩინა ხანძრის კერა ჩვენ მიერ შექმნილი ბადეს მეშვეობით, სანამ ხანძარი პატარა მასშტაბს გაცდებოდა. ზოგ შემთხვევაში გაჩენამდეც ევარაუდა და დაკვირვება გაეძლიერებინათ ამ წერტილებში. პროექტი მიზნად ისახავს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, რომელიც დაამუშავებს წარსულ მონაცემებს ხანძრებთან მიმართებაში ლოკაციების მიხედვი. ასევე, გაითვალისწინებს ამინდის პროგნოზს, წელიწადის დროს, კვირის დღეებს, ტყის განაშენიანების არეას, ტურისტულ მარშრუტებს და ა.შ. ყველა იმ დეტალს, რომელსაც ეფექტის მოხდენა შეეძლება ხანძრის წარმოშობასთან დაკავშირებით", — აღნიშნა Fire Detectors-ის წევრმა, მარიამ შერეშაშვილი.

"ჩვენ გვჯერა რომ ემისიების სტატისტიკის ლოკალურ დონეზე დაყვანა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია კლიმატის ცვლილების შეჩერებისკენ. ჩვენი პროექტის მიზანია დავეხმაროთ რეგიონალურ მთავრობებს კლიმატის ცვლილების მიტიგაციის ღონისძიებების განხორციელებაში და საქართველოს GHG ემისიების პარიზის ხელშეკრულების მიხედვით 25% ით შემცირებაში. პროექტი მოიცავს კოდს, რომელიც მარტივად შეიძლება იქნეს გამოყენებული სხვა ქვეყნების ემისიების რეგიონალიზაციისთვის,“- ამბობს დავით დომუზაშვილი, The Two Degrees-ს წევრი.

ბილაინი აქტიურად აგრძელებს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარების მხარდაჭერას და მომართულია ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და მათი მისწრაფებების სტიმულირებაზე. Tbilisi Startup Bureau-სა და ბილაინს შორის თანამშრომლობა NASA Space Apps Challenge-ის ფარგლებში პირველად 2019 წლის ოქტომბერში შედგა.