ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემებით, გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს. ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული წყალმომარაგების სააგენტომ გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია განაგრძობს წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით კვლევას, რომლის შედეგები 24 საათში გახდება ცნობილი.

ადგილზე იმყოფებოდა წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური დირექტორი ირაკლი ნაფეტვარიძე, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანია გორში ყოველდღიურად იღებს სინჯებს სხვადასხვა ლოკაციიდან. მისივე თქმით, გასულ დღეებში აღებული სინჯების მონიტორინგის მიხედვით, სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებს.

გარდა ამისა, წყლის სინჯები აიღო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში On.ge-ს უთხრეს, ამ ეტაპზე სინჯები ლაბორატორიაში კვლევისათვისაა გადაგზავნილი და უახლოეს მომავალში პასუხები ცნობილი გახდება.

გორის კომბინატის დასახლებაში 60-მდე ადამიანი მოიწამლა. ადგილობრივები მოწავლას წყალს აბრალებენ.

როგორც გორის კლინიკა იავნანას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ On.ge-ს უთხრა, დილიდან 10-მა პაციენტმა მიმართა ემერჯენსის განყოფილებას.

რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევებს, გუშინ კლინიკას 46-მა პაციენტმა მიმართა, მათგან ემერჯენსის განყოფილებაში გატარდა 23 პაციენტი, რომელთაც დახმარება აღმოუჩინეს და უკვე გაწერეს. ექიმის ინფორმაციით, ამ დროისთვის პედიატრიულ განყოფილებაში 16 პაციენტი მკურნალობს.

როგორც ლია ლაზარაძე ამბობს, პაციენტებს სიმპტომები, დაახლოებით, ერთნაირი აქვთ — გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი და დაბალი ტემპერატურა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ზუსტი დაავადება და გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია.