პარასკევ დილით, 2 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჰოლივუდის დიდების ხეივანის ვარსკვლავი მარველის ჰალკად გადაცმულმა უცნობმა გაანადგურა.

მწვანე დამნაშავემ ტრამპის ვარსკვლავი პარასკევს დილის საათებში დააზიანა. პოლიცია დანაშაულის ადგილას დილის 5:50-ზე გამოცხადდა, თუმცა მას ჯერ არავინ დაუკავებია. ტრამპის ვარსკვლავი რამდენიმე საათში გაანადგურეს მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ მასა და აშშ-ის პირველ ლედი მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ვარსკვლავს $3 000-ზე მეტი ღირებულების ზიანი მიეყენა, რის გამოც ეს ვანდალიზმი სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილება. ვარსკვლავის გამოსაცვლელად თანხის გადახდა ჰოლივუდის სავაჭრო პალატას მოუწია და ის უკვე პარასკევი შუადღისთვის აღდგენილი იყო.

ფოტო: Giphy

"ნებისმიერ ვარსკვლავს, რომელსაც დააზიანებენ ან გაანადგურებენ — განურჩევლად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ის — ჰოლივუდის ისტორიული ფონდი გამოცვლის, რომელიც არაკომერციული და არაპარტიული ჯგუფია. ჰოლივუდის დიდების ხეივანი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ლაურეატთა პროფესიონალურ წვლილს ეძღვნება. გახსნის შემდეგ ვარსკვლავები ხეივანის ისტორიის ნაწილი ხდება. როდესაც ვინმე ჩვენი ერთ-ერთი ლაურეატის მიმართ გაბრაზდება, იმედი გვაქვს, რომ ამ ბრაზს ის უფრო დადებითად გამოხატავს და კალიფორნიის შტატის ღირსშესანიშნაობას არ დააზიანებს. ჩვენი დემოკრატია კანონისადმი პატივისცემაზეა დამყარებული. სიტუაციის მართლა შესაცვლელად ხმის მიცემაა საჭირო და არა — საჯარო საკუთრების განადგურება", — განაცხადა ჰოლივუდის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა რანა გადბანმა.

პარასკევის ინციდენტამდე ტრამპის ვარსკვლავი 2016 და 2018 წლებშიც დააზიანეს. მან ეს საპატიო ადგილი 2007 წელს დაიმკვიდრა ტელევიზიის კატეგორიაში ქვეყნის მასშტაბით სილამაზის კონკურსების წარმოების გამო.

Variety-ს ცნობით, ვანდალი ჯეიმს ოტისი არ არის, რომელმაც ტრამპის ვარსკვლავი 2016 წელს გაანადგურა. Twitter-ის ანგარიში, რომელსაც, როგორც ჩანს, ოტისი მართავს, ასევე ამბობს, რომ პარასკევის დამნაშავე მიმბაძველი იყო.

ამავე თემაზე: