თბილისის მერიასთან ჯარიმების გასაპროტესტებლად მისული სტრატეგია აღმაშენებელი ისევ დაჯარიმდა. უწყების ინფორმაციით, სტატეგია აღმაშენებელმა თბილისის მერიასთან დღეს აქცია გამართა და მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები თვითნებურად განათავსა.

"სტრატეგია აღმაშენებელი ისევ დაჯარიმდა 1000 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 "3" მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ მონტაჟს ან/და განთავსებას. სწორედ ამავე მუხლით დაჯარიმდა პოლიტიკური პარტია რამდენიმე თვის წინ, რაც მათ გაასაჩივრეს მერიის იურიდიულ სამსახურში, მაგრამ საჩივარი არ დაკმაყოფილდა", — ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერიის წინ სტრატეგია აღმაშენებლის მიერ გამართულ საპორტესტო აქციაზე, ოთხი აქტივისტი დააკავეს. სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლები პლაკატების გაკვრის გამო მათი პარტიის წევრების დაჯარიმებას აპროტესტებენ და ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვენ, ამის საფუძველზე მათ შეაგროვეს ხელმოწერები და უნდოდათ, რომ გადაეცათ თბილისის მერიისთვის. სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს რა დროსაც მოხდა დაპირისპირება აქტივისტებსა და პოლიციას შორის.