საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატი, ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ მაუწყებელი უნდა ქმნიდეს პლატფორმას მსჯელობისთვის, საზოგადოების მეტი ჩართულობისთვის და მაკონტროლებლის ფუნქციას ასრულებდეს. კუპრაშვილმა საკუთარ გეგმებსა და ხედვებზე On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ არჩეულ დირექტორს გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმა უნდა ჰქონდეს. მოკლევადიანი გეგმები 2017 წელს უნდა ეხებოდეს, გრძელვადიანი კი საბოლოო შედეგის მისაღებად უნდა იყოს გამოყენებული.

„გარეთ ხდება ძალიან ბევრი რამ, რის მიმართაც პასუხისმგებლობა გააჩნია ამ ინსტიტუტს. ერთ-ერთი ასეთია არჩევნები. უკვე უნდა ჰქონდეს დაგეგმილი რას და როგორ აკეთებს,“ - აღნიშნა კუპრაშვილმა, რომელიც მაუწყებლის პრობლემად სტრუქტურულ, ინტეგრაციის, ოპტიმიზაციისა და მართვის საკითხებს ასახელებს.

კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ გენერალურმა დირექტორმა უნდა გამოიყენოს კანონით განსაზღვრული ვადა და წარმოადგინოს 6-წლიანი ხედვა:

„იმედი მაქვს, რომ სრულად გამოიყენებს დირექტორი იმ ვადას, რაც კანონით აქვს. ეს არავის გამოუყენებია, რაც აჩვენებს ამ ინსტიტუტის სისუსტესაც. იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას თუ იღებ ბოლომდე უნდა მიიყვანო". კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ მისი უპირატესობა 4 იანვარს, სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრების დროს გამოჩნდება.

„მე მაქვს ნამდვილად გულშემატკივრობა ამ ინსტიტუტის, რწმენა, რომ გამოვა ის, რაც ჩვენ გვინდოდა ყველას ერთად რომ გამოსულიყო. მე დამატებით მაქვს გამოცდილება, როგორც ტექნიკური მხარის, ასევე მართვასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, სხვა კანდიდატებსაც აქვთ მსგავსი გამოციდლება, მაგრამ მე ყველაფერს ერთად ვუყრი თავს“, - თქვა დირექტორობის კანდიდატმა On.ge-სთან საუბრისას.

კუპრაშვილი 2009 წლიდან საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია, 2011 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი და თავმჯდომარე, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი და კოორდინატორი. ჟურნალისტური საქმიანობა 1995 წელს დაიწყო და მუშაობდა რეგიონულ გაზეთებში: კვირა, რაკურსი, მთავარი იმერეთში.

კუპრაშვილის გარდა სამეურვეო საბჭო კიდევ 4 კანდიდატს - თინათინ (თიკო) ბერძენიშვილს, ნინო ზაუტაშვილს, ვასილ მაღლაფერიძესა და ზაალ ანჯაფარიძეს გაესაუბრება. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატებთან სამეურვეო საბჭო გასაუბრებას ხვალ 4 იანვარს იწყებს. მანამდე On.ge ეცდება ყველა კანდიდატის ხედვები შემოგთავაზოთ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობა სულ 15 კანდიდატს სურდა, მათგან ბაჩუკი ბახტაძე კონკურსს სამეურვეო საბჭოს მიერ მათი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გამოეთიშა. სამეურვეო საბჭოს 3 იანვრის კენჭისყრის შედეგებით კი, საბჭო გაესაუბრება თინათინ ბერძენიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, ზაალ ანჯაფარიძეს, ნინო ზაუტაშვილსა და ნათია კუპრაშვილს.