ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღესდღეობით, ადამიანური რესურსი ყველაზე კრიტიკული რესურსია. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკულ მედიცინაში ამ ადამიანებს 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვთ, მათ დასვენება და გარკვეული საშეღავათო პერიოდი ესაჭიროებათ, რომ სამუშაო ციკლს კვლავ დაუბრუნდნენ და პაციენტებს კვალიფიციური დახმარება გაუწიონ.

ტიკარაძე, ასევე, გამოეხმაურა პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ჯანდაცვის სისტემის რესურსების ამოწურვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რესურსები, არა მხოლოდ ჯანდაცვაში, არამედ არც სხვა სფეროშია ამოუწურავი.

"არც ლაბორატორიების სიმძლავრე, არც სამედიცინო დაწესებულებების სიმძლავრე, არც ადამიანური რესურსის სიმძლავრე, არა მხოლოდ ჯანდაცვის კუთხით, არამედ ნებისმიერი სხვა მიმართულებით არასდროს არ არის ამოუწურავი. სწორედ აქედან გამომდინარე არის ჩვენი თხოვნა, რომ იყოს საზოგადოების ერთობლივი ჩართულობა იმისთვის, რომ ის გეგმიური ნაბიჯები, ის წინდახედული და გათვლილი ზომები, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული, იყოს რაციონალურად გადანაწილებული დროში", — განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, მათ კორონავირუსის გაზრდილი რაოდენობისა და სწრაფი გავრცელების მართვასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი.