თუ ტვიტერზე დაძებნით სიტყვებს ამაყი ბიჭები, მანამდე ამ სახელწოდების მქონე ცნობილი დაჯგუფების ნაცვლად სულ სხვა ფოტოებსა და ინფორმაციას გადააწყდებით. რბილად რომ ვთქვათ, უფრო ფერადსა და შთამაგონებელი ემოციებით სავსეს.

ამაყი ბიჭები (Proud Boys) ამერიკული ულტრამემარჯვენე ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც ხშირად თავიანთ თავს "დასავლელ შოვინისტებს" უწოდებენ და ძალადობრივი მოწოდებებით გამოირჩევიან: FBI მათ ექსტრემისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.

ეს დაჯგუფება არც ისეთი დიდი და ძალაუფლების მქონეა, თუმცა საყოველთაო ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, როცა დონალდ ტრამპმა წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების დებატებზე ისინი ახსენა: ანტიფაშისტური ორგანიზაცია ანტიფასა და "მემარცხენეების" დადანაშაულების შემდეგ, ამაყ ბიჭებს მოუწოდა — "გვერდზე გადექით და დაიცადეთ". ეს ბუნდოვანი მნიშვნელობის მიმართვა ამ დაჯგუფების წევრებმა, რომლებიც თეთრი რასის უპირატესობას უჭერენ მხარს, მიიღეს მინიშნებად, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, "მოქმედებისკენ მოწოდებას" დაელოდონ.

სწორედ ამის გამო ამ დაჯგუფების მიმართ ყურადღება გაიზარდა: როგორც The Guardian წერს, ტრამპმა მათ პოპულარობას შეუწყო ხელი. თუმცა, თუ ვინმე ამაყი ბიჭებით დაინტერსდა და მათზე ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში გადაწყვიტა, LGBTQ აქტივისტებმა უკეთესი მასალა გაუმზადეს: მათი სიყვარულის ისტორიები.

ამ ერთგვარი მოძრაობის მიზანი, რომელიც სოციალურ ქსელებში განვითარდა, ძალადობრივ გამოცდილებასთან დაკავშირებული დაჯგუფების გადაფარვაა — მათი სახელწოდების ჰეშთეგი სულ სხვა დანიშნულებით, სოლიდარობისა და სიყვარულის ისტორიების გასავრცელებლად გამოიყენეს.

"ჩვენ ვართ ამაყები საკუთარი თავით და ჩვენ ვართ ბიჭები. მხდალ ნაცისტებს შეუძლიათ ახლავე გააჯ*ან", — ვკითხულობთ ერთ-ერთ პოსტში.

"ჰეშთეგის #ამაყიბიჭები ახალი დანიშნულება შესანიშნავია. აი, მე და ჩემი პარტნიორი: 20 წელია ერთად ვართ და აქედან სამი წელი ქორწინებაში. ორივე ძალიან ამაყი ბიჭები ვართ".

"27 წელი ერთად, #ამაყიბიჭები".

CNN-ის ინფორმაციით, დაჯგუფება ამაყი ბიჭების ლიდერი ენრიკე ტარიო აცხადებს, რომ მას არ ესმის ამ წამოწყების მიზანი.

"ეს უბრალოდ ისტერიკული ქმედებაა. ეს სულაც არ არის დამამცირებელი ჩვენთვის და ამით ვერც შეურაცხყოფას გვაყენებენ. ჩვენ არ ვართ ჰომოფობები და არ გვადარდებს, ადამიანებს ვისთან აქვთ სექსი. ვიღაცები ფიქრობენ, რომ ამით შეგვაწუხებენ, მაგრამ ასე არაა", — განაცხადა ენრიკე ტარიომ.