ფონდი ქართუს თავმჯდომარე, ვანო ჩხეტიანი აცხადებს, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის გაშენება მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას დაისვენონ და დატკბნენ თბილისის ბუნებით. ამის შესახებ მან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმზე ხელის მოწერამდე განაცხადა, რომლის მიხედვით, ფონდი ქართუ იპოდრომის ტერიტორიას მუნიციპალიტეტს გადასცემს.

"ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ თბილისს ჰაერივით სჭირდება ახალი სარეკრეაციო ზონები, თბილისს უჭირს ამ მხრივ, გაიზარდა თბილისის მოსახლეობა. ეს პარკი მისცემს შესაძლებლობას ყველა მოქალაქეს, როგორც თბილისელს, ასევე ჩამოსულ სტუმარს, რომ დაისვენოს და დატკბეს თბილისის ბუნებით. ჩვენი ქალაქი, თბილისი ჩვენი სახლია და ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვზრუნავდეთ მასზე", — განაცხადა ჩხეტიანმა.

მისივე ინფორმაციით, ფონდი ქართუ იღებს ვალდებულებას, თბილისის ცენტრალური პარკი, "ახალი, მულტიფუნქციური სარეკრეაციო ზონა", უახლოეს პერიოდში მოაწყოს.