იაპონელი დიზაინერი კენზო ტაკადა, რომელმაც 70-იანების პარიზს მკვეთრი ფერები და ახალი ფორმის კრეატიულობა შესძინა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 81 წლის ხელოვანი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ინფორმაციას WWD ავრცელებს.

ტაკადა კორონავირუსს პარიზში მდებარე ამერიკულ საავადმყოფოში მკურნალობდა.

დიზაინერმა თითქმის 50 წლის წინ დააარსა მოდის ბრენდი Jungle Jap, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი, Kenzo ეწოდა. ტაკადამ 1999 წელს პენსიაზე გასვლა დააანონსა და თავისი სახელობის ბრენდი დატოვა, თუმცა მას მუდამ გულშემატკივრობდა და სხვადასხვა გზებით კრეატიულ პროცესში ერთვებოდა.

გასულ კვირას პარიზის მოდის კვირეულზე კენზოს ჩვენებას ტაკადა ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო.

"ნახევარი საუკუნის განმავლობაში მისტერ ტაკადა სიმბოლური და გამორჩეული პიროვნება იყო მოდის ინდუსტრიაში და სამყაროს კრეატიულობითა და ფერებით ამდიდრებდა. მისი ოპტიმიზმი, გულისხმიერება და სიცოცხლის სიყვარული ჩვენს შემოქმედებაში მუდამ იცოცხლებს", — დაწერა ბრენდმა ინსტაგრამზე.

ტაკადა მთელი ბავშვობა თავისი დის მოდის ჟურნალებს ათვალიერებდა და თავის ოცნების ქალაქში პირველად 1965 წელს, 26 წლის ასაკში, გემით ჩავიდა. თავდაპირველად ის პარიზში სამუდამოდ დარჩენას არ აპირებდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ სანამ რამე მნიშვნელოვანს არ შექმნიდა, მოდის დედაქალაქი არ დაეტოვებინა. მართლაც, 5 წლის შემდეგ, მან 200 დოლარად შეძენილი მასალით პირველი კოლექცია შექმნა, რომელიც იმავე წელს ჟურნალმა ELLE-მ ყდაზე და პირველ გვერდებზე დაბეჭდა.

ტაკადას მისი ნამუშევრები სავსე იყო ყვავილების ორნამენტებითა და ფერადი დეტალებით. ის ერთ-ერთი პირველი იაპონელი დიზაინერი იყო, რომელმაც მოდის სფეროში ჯერ პარიზის და შემდეგ მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

კენზოს შემოდგომა-ზამთრის სეზონის ჩვენება 1986 წელს, პარიზში.

ფოტო: Getty Images